ახალი ამბები

პირს, რომელიც გრიგოლიას ემუქრებოდა, ტელეფონით სარგებლობას ვერ შევუზღუდავთ – პროკურატურა

28 ივნისი, 2018 • 2163
პირს, რომელიც გრიგოლიას ემუქრებოდა, ტელეფონით სარგებლობას ვერ შევუზღუდავთ – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, პირს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლება ვერ შეეზღუდება.

პროკურატურის განცხადებით, კაცი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას უთვალთვალებდა და ემუქრებოდა, შსს-მ 2018 წლის მაისში დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ კი, რაც ამ პირს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად, ქრონიკული ფსიქიკური დაავადება დაუდგინა, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

პროკურატურაში ამბობენ, რომ  საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, როდესაც კაცს, რომელიც ჟურნალისტს ემუქრებოდა,  ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და ბრალდებულსი სტატუსი მოეხსნა, მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსით“  გათვალისწინებული შეზღუდვები.

დღეს, 28 ივნისს, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ კაცი, რომელიც უთვალთვალებდა, ემუქრებოდა და შსს-სთვის მიმართვის შემდეგ დააკავეს, მასთან დაკავშირებას კვლავ ცდილობს. ტელეწამყვანის თქმით, პირმა, რომელიც სახლის კარის შემომტვრევით ემუქრებოდა, დღეს ისევ დაურეკა. როგორც გრიგოლია ამბობს, ეს პირი ფსიქიატრულ დაწესებულებაში იმყოფება და სწორედ დაწესებულების თანამშრომლის ტელეფონით დაუკავშირდა ტელეწამყვანს.

გრიგოლია ამბობს, რომ ზარის შემდეგ მისმა ადვოკატმა პროკუატურას მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას არ გაუგზავნია დაწესებულებისთვის დადგენილება ამ ადამიანისთვის ზარების უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც ჟურნალისტს საეჭვოდ მიაჩნია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ არ სჯერა, პროკურატურას ამ პირისთვის ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა რომ დაავიწყდა და ამას თავის საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ამ გზით უწყება მასზე ზემოქმედებას ცდილობს:

”არცერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა. გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე, პროკურატურის მძაფრი კრიტიკით, და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან და დღეს პროკურატურა ამბობს, რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ.

ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა, როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე. ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში. დღეიდან არცერთი წამით აღარ მჯერა, რომ ეს პირი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის” – ამბობს ჟურნალისტი.


ინგა გრიგოლიამ 2018 წლის მაისში Facebook-ზე დაწერა, რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება და შსს-ს მიმართავს, რომ დაიცვან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციელებს წარსულშიც მიმართა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.

ინგა გრიგოლიას წერილიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანი პირველად 2011 წელს ციხიდან დაუკავშირდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და შევიწროება და მუქარა განაგრძო.

ადამიანი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, შსს-მ დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, ადევნებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი