ახალი ამბები

ლგბტქი აქტივისტი ამბობს, რომ კაფეში პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრნენ

28 ივნისი, 2018 • 2084
ლგბტქი აქტივისტი ამბობს, რომ კაფეში პირადი ცხოვრების გასაჯაროებით დაემუქრნენ

ლგბტქი ადამიანების უფლებების აქტივისტი ნინა ზაზაშვილი ამბობს, რომ თელავის ერთ-ერთ კაფეში ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც კაფეში უარყოფენ.

ნინა ზაზაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთ-ერთ კაფეში სტუმრობის შემდეგ მან და მისმა ორმა მეგობარმა ფული ვერ გადაიხადეს, რადგან ხელზე თანხა არ ჰქონდათ, კაფეს კი არ ჰქონდა ტერმინალი, რომ ბარათით გადაეხადათ. კაფედან იმ პირობით წამოვიდნენ, რომ მეორე დღეს ნაღდ ფულს გადაიხდიდნენ, თუმცა დაავიწყდათ.

ზაზაშვილის თქმით, გუშინ, 27 ივნისს, კაფეს ბუღალტერმა და მფლობელმა მასთან ტელეფონით საუბრისას, რომელიც აღებულ ვალს შეეხებოდა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დემუქრნენ, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდნენ.

როგორც ზაზაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, კაფეს ბუღალტერმა მას უთხრა, რომ “ყველაფერი ვიცი შენი პირადი ურთიერთობების შესახებო და ფრთხილად იყავი, ყველას გავაგებინებთო.” ამის შემდეგ საუბარში ჩაერთო კაფეს მეპატრონე და მანაც უთხრა, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდნენ.

აღნიშნულ კაფეში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საუბარი შეეხო ერთი თვის წინანდელ შემთხვევას, როდესაც ვალი უნდა დაებრუნებინათ გოგონებს. კაფის მეპატრონე აცხადებს, რომ ცხოვრების გასაჯაროებაში არ დამუქრებია და არავის ცხოვრებაში არ ერევა.

ტელეფონზე საუბრის შემდეგ ნინა ზაზაშვილი თბილისში, პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში მივიდა და მის მიმართ სამი დისკრიმინაციული მიდგომა, შეურაცხყოფა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუხლების დარღვევა გაასაჩივრა.

ნინა ზაზაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები მის მიმართ იყვნენ ირონიულები, სანამ პოლიციაში არ მივიდა ადვოკატი და სამართლებრივიდ დახმარება არ გაუწია.

პოლიციამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ადამიანთა თანასწორუფლებიანობის აკრძლავას გულისხმობს. კანონის დარღვევა  გულისხმობს ვადით ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოში ჩართვას ან 2 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი