ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანება არალოგიკურია – დავით ზურაბიშვილი

27 ივნისი, 2018 • 3769
განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანება არალოგიკურია – დავით ზურაბიშვილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი ვერანაირ ლოგიკას ხედავს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებაში. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები შეცდომაა, რომელიც რამდენიმე წელში სერიოზული პრობლემის სახით იჩენს თავს.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ აბსოლუტურად ვერანაირ ლოგიკას ვხედავთ ამ გადაწყვეტილებაში, გარდა იმ დეკლარირებისა, რაც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია უდევს ამას საფუძვლად.

ჯერ ერთი, მცირე მთავრობა სულ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა გააერთიანო. აქ მთავარია სახელმწიფო ხარჯების შემცირება და მთავრობის მარეგულირებელი როლის შემცირება – კონცეპტუალურად თუ შევხედავთ, ეს არის მთავარი მომენტი. მეორე და ცალკე სამსჯელო საკითხია, მცირე მთავრობა რამდენად გვინდა ან არ გვინდა. თან, კონკრეტულად არაფერი ვიცით, ამ შეერთებიდან  რა დარჩება, რა გაუქმდება, რა ფუნქციები შეიკვეცება, რა არ შეიკვეცება, სად მოხდება და როგორ მოხდება კოორდინაცია ან ვინ მოახდენს… მოკლედ, არავინ არაფერი იცის და ამის ნაცვლად ვიღებთ სრულიად გაუგებარ, მექანიკურ შერწყმას. ვერ გეტყვით და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მოტივაცია. მე ამაში ვხედავ სერიოზულ პრობლემას, რომ არავინ არაფერი იცის,” – აცხადებს დავით ზურაბიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ამ ორი სამინისტროს შეერთებით საერთოდ არანაირი პრობლემა არ გადაწყდება. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრო “მონსტრი უწყებაა”, რომლის მთელი რიგი ფუნქციები (განსაკუთრებით კი, სამეურნეო-ეკონომიკური) შესაძლებელია სრულად გადაეცეს თვითმმართველობას ან კერძო სტრუქტურებს:

“არის კიდევ ბევრი ფუნქციები, რაც შეიძლება ნამდვილად გადაიხედოს, მაგრამ კულტურის სამინისტროს მიერთებით, საერთოდ, რანაირად შეიძლება ეს პრობლემები გადაიჭრას, ვერ წარმომიდგენია. ყველა საჯარო სამსახურშია ერთი პრობლემა. მე თვითონ, როგორც ნამუშევარი ადამიანი ამ სტრუქტურებში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა ე.წ. რუტინული საქმიანობის პასუხისმგებლობის გადანაწილება. ისე გამოდის, რომ მინისტრი და მინისტრის მოადგილე ხელს აწერენ იმდენ ქაღალდზე, შეუძლებელია ეს ვინმემ გაარკვიოს. ისიც შესაძლებელია ისე გადანაწილდეს, ქვედა რგოლსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს და ყველაფერი არ ადიოდეს ზემოთ. გარდა ამისა, გარკვეული ფუნქციები, უბრალოდ, მოსაცილებელია იმიტომ, რომ სხვანაირად ეფექტიანი მუშაობა შეუძლებელი იქნება ამ სტრუქტურების.

კულტურისა და განათლების სამინისტროების ერთადერთი გადაკვეთის წერტილი  იყო ის, რომ ე.წ. სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები იყვნენ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში – სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და ა.შ. თუმცა ამის გამო გააერთიანო ეს ორი სამინისტრო, სრული აბსურდია. ასე რომ, ვერ ვხედავ ამ ლოგიკას.”

რაც შეეხება თვითონ კულტურის სამინისტროს, დავით ზურაბიშვილის თქმით, იქაც საჭირო იყო რეფორმები. რესპუბლიკური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ ამ უწყებიდანაც შესაძლებელია ბევრი ფუნქცია გადაეცეს თვითმმართველობას.

“მაგალითად, თეატრების დაფინანსება და ა.შ. შეიძლება ძირითადად თვითმმართველობამ გადაწყვიტოს – იმ ქალაქმა და დასახლებულმა პუნქტმა, სადაც ეს თეატრია. შესაბამისად, ბიუჯეტიც იქვე უნდა გადანაწილდეს. კიდევ ბევრი ფუნქციაა. ვთქვათ, ძეგლთა დაცვა შესაძლოა სრულიად ცალკე უწყებად გაიყვანო და ცალკე უწყებად ჩამოაყალიბო.

კულტურის სამინისტრო უფრო მეტად დაკავებული უნდა იყოს ქართული კულტურის პროპაგანდით საზღვარგარეთ და რაღაცნაირად ჩვენი კულტურის წარმოჩენით, ხოლო, მეორეს მხრივ, ქვეყნის შიგნით იყოს მთავარი გამტარი სახელმწიფო პოლიტიკისა სწორი ღირებულებების დამკვიდრებაში, რითაც ჩვენ გვინდა დღეს თავი დავიმკვიდროთ მსოფლიოში – გამოვაჩინოთ უნიკალური სახე და ვიყოთ ევროპულ კულტურაში ინტეგრაციის პროცესში. აქ უნდა თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს კულტურის სამინისტრო, მაგრამ არ თამაშობს და სრულიად სხვა საქმეებით არის დაკავებული. ამის ნაცვლად მივიღეთ მექანიკური გაერთიანება 2 უწყების, რომელიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

მისი შეფასებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში წარმოდგენა არ აქვთ, როგორი უნდა იყოს განათლების და კულტურის პოლიტიკა:

“ჩათვალეს, რომ “მოდი, ესენი ერთად იყვნენ” და მორჩა. რეალურად, განათლებაც და კულტურაც უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული, რადგან დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ორივე. მით უმეტეს, გლობალიზაციის პირობებში ძალიან სერიოზული გამოწვევებია; ვრცელდება ქსენოფობიური განწყობები, ჰომოფობიური განწყობები, კულტურული მრავალფეროვნების პრობლემა, უცხო კულტურების მიმართ მტრული დამოკიდებულება ძალიან აქტუალური გახდა და ხელისუფლება, სახელმწიფო იმისთვის არის, რომ ჰქონდეს თავისი პოზიცია ამის თაობაზე და არ განვითარდეს ეს ტენდენციები, არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რამაც შეიძლება ქვეყანა უბედურობას გადაჰკიდოს. ამას წინააღმდეგობას სწორი კულტურის პოლიტიკით ხელისუფლება უნდა უწევდეს.

ჩვენთან ეს შერწყმა იმაზე მიუთითებს, რომ არც ამაზე აქვთ ელემემენტარული წარმოდგენა. განათლების სისტემას რა როლი და ფუნქცია აქვს, სახელმწიფომ როგორ უნდა გააკეთოს, არც ამაზე აქვთ. ჩათვალეს, რომ ეს არის მეორე და მესამეხარისხოვანი რაღაც.”

როგორც დავით ზურაბიშვილი აცხადებს, სპორტს საერთოდ არანაირი სამინისტრო სჭირდება, მით უმეტეს, როცა არსებობს ფედერაციები.

“სამწუხაროდ, განათლების სფეროს როდესაც ეხება საქმე, არასწორი ნაბიჯები ჩანს უფრო გვიან, ვიდრე იმავე წუთას. მაგალითად, ის შეცდომები, რომელიც თავის დროზე მოჰყვა განათლების რეფორმებს, განსაკუთრებით კი, საშუალო განათლების  სისტემაში (2004-05 წლებში, როდესაც მრავალმხრივი რეფორმები დაიწყო), მაშინდელმა სერიოზულმა შეცდომებმა თავი იჩინა სწორედ 10 წლის შემდეგ – სკოლების დონე და მასწავლებლების კვალიფიკაციის დონეც არის ძალიან დაბალი, ხოლო აქედან მოდის ძალიან ბევრი მოუმზადებელი ადამიანი.

იგივე განათლების და კულტურის პოლიტიკაშიც შეიძლება ხვალ და ზეგ არ გამოჩნდეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სერიოზულად დაგვარტყამს და კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემები,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დარწმუნებულია, რომ არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მანამდე ხელისუფლება და, შესაბამისად, პოლიტიკაც არ შეიცვლება, ან “ქართული ოცნება” თვითონ არ შეცვლის თავის პოლიტიკას.


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ , 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს უერთდება.

ვრცლად სამთავრობო ცვლილებებზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი