ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც პოლიციას მიმართა ყოფილი ქმრისგან ძალადობის დაცვის მიზნით.
საის ცნობით, 2018 წლის თებერვალში ქალმა მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
საიას ცნობითვე, 2018 წლის ივნისს პროკურატურამ მოულოდნელად ცნო ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად და მსხვერპლს წაუყენა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით.
“აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე იგი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელი, კანონთან შეუსაბამო და იწვევს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას.
“ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის შეეთავაზებინა დაცვის ეფექტური მექანიზმები, რეპრესიული ღონისძიებები გამოიყენა რეალური მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული მიდგომა არსებითად ლახავს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ქალის ინტერესებს, არამედ მსგავსი პრაქტიკა უარყოფითად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მსხვერპლ ქალებს გაუღრმავებს დაუცველობის განცდას”,-აცხადებს საია.