ახალი ამბებიკომენტარი

მერაბ ფიფია: დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობასაც შეამცირებს

27 ივნისი, 2018 • 2909
მერაბ ფიფია: დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობასაც შეამცირებს

„ყოველგვარი დასჯის წინააღმდეგი ვარ. ციხეში ნარკომომხმარებლის  გამოკეტვა უპატიებელი დანაშაულია. რაღაც სხვა ფორმის პოვნაა საჭირო ამ ადამიანების საშველად, გარეთ, ციხის მიღმა.

ციხით დასჯა უარეს შედეგებს მოგვიტანს. ფრანგული საზოგადოება, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, შემწყნარებელია ნარკომომხმარებელთა მიმართ, განსაკუთრებით, როცა საქმე მსუბუქ ნარკოტიკს ეხება. თუმცა შედარებით მკაცრად კონტროლდება სინთეტიკური, განსაკუთრებით სახიფათო ნივთიერებები.

ევროპაში ნარკომომხმარებლები დემონიზებული არ არიან. საქართველოში ხშირად მომხვედრია გულზე გარშემომყოფთა აზრები ნარკომომხმარებლებზე, რომლებიც ბევრ საინტერესო რამეს ქმნიან, ნიჭიერები არიან და მოიხმარენ ნარკოტიკს, თუმცა მათზე ამრეზით საუბრობენ, როგორც ნარკომომხმარებლებზე და არა როგორც საინტერესო ადამიანებზე. მგონია, ასეთი დამოკიდებულება მოსაწონი არ არის.

სკოლაში, უნივერსიტეტში, ყველაგან უნდა მოქმედებდეს პრევენციის პროგრამები. ყველამ უნდა იცოდეს, რა რისკის წინაშე აყენებს საკუთარ თავს ნივთიერებებზე დამოკიდებულების შემთხვევაში. მერე უკვე ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული, რას იზამს. პრევენციული ღონისძიებების შედეგად ბევრად შემცირდება ნარკოტიკით დაინტერესებულთა რაოდენობა.

ყოვლად დაუშვებელია ქუჩის ნარკოტესტირებები, მომხმარებელიც რომ იყო, არ უნდა გჩხრეკდნენ და გამოწმებდნენ საჯაროდ.

დეკრიმინალიზაცია რატომღაც ნარკოტიკებით თავისუფალი ვაჭრობის დაშვება ჰგონით, რაც აბსურდია. ასეთ ხალხს ალბათ უნდა განვუმარტოთ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის არსი და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

მე მხარს ვუჭერ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას.

ადგილი, სადაც ჩვეულებრივად იყიდებოდა კაფეში მსუბუქი ნარკოტიკი, პირველად ჰოლანდიაში ვნახე. მე არ დამინახავს, რომ იქ მაინცდამაინც რიგი იდგა მომხმარებლების. რატომ უნდა ეძებდეს მომხმარებელი ბნელ ადგილებში და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებებს შავ ბაზარზე, როცა შეიძლება იყიდოს ცივილურად, შემოწმებული ნარკოტიკი, რომელიც იქვე არ მოგკლავს. დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობასაც შეამცირებს.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი