ახალი ამბები

მერიის იმ მანქანებს, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ხმარებიდან ამოვიღებთ – კალაძე

27 ივნისი, 2018 • 4324
მერიის იმ მანქანებს, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ხმარებიდან ამოვიღებთ – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, მერიის სტრუქტურებში შემავალ იმ ავტომობილებს, რომლებიც 1 ივლისიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ხმარებიდან ამოიღებენ. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 27 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ საკითხზე კალაძემ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში ისაუბრა. მისივე თქმით, მსგავსი გეგმა ცენტრალურ ხელისუფლებასაც აქვს. კალაძის განცხადებით, იგი პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

1 ივლისიდან სავალდებულო ტექდათვალიერება სახელმწიფო უწყებების ავტოპარკსა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომობილებს უწევთ.

“ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები, ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯები და, შესაბამისად, გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობა გამორიცხული იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად მკვეთრი და ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც გარკვეულწილად არაპოპულარული იქნება, თუმცა ეს აუცილებელია და მათ საზოგადოების მხარდაჭერა დასჭირდებათ.

 

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება დროში გაწერილ დეტალურ გეგმას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი