ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გამო მამუკა ბახტაძის ქცევას დესტრუქციულს უწოდებს

27 ივნისი, 2018 •
აფხაზური მხარე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გამო მამუკა ბახტაძის ქცევას დესტრუქციულს უწოდებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანის შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს:

“შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პირადად პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედებების გამო, რომელიც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისკენ არის მიმართული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულად უთხრის ძირს არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს.

ფაქტიურად, ქართულმა მხარემ რაიმე ობიქტური საფუძვლების გარეშე ზეპირი ბრალდება წარუდგინა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და ისინი “შავ სიაში” შეიყვანა, რაც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

აფხაზური მხარე კვლავაც ყურადღებით დააკვირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა ინტერესებთან პირდაპირ კავშირშია.

აღნიშნული თემა აფხაზური მხარის მიერ შეტანილი იქნება გალში 27 ივნისის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე.

ამასთან, აფხაზური მხარე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს”.

21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია.

მასალების გადაბეჭდვის წესი