ახალი ამბები

თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს

25 ივნისი, 2018 • 2256
თურქეთი: ერდოღანი გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია მეორე რაუნდს პროგნოზირებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გაიფორმა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით სტამბოლში გამოვიდა. თუმცა, ოპოზიცია აღნიშნულს ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება.

ერდოღანის თქმით, ამომრჩეველმა საკუთარი ნება ნათლად დააფიქსირა.

“ჩვენ ერისთვის მეტს გავაკეთებთ. ვაპირებთ, უკან მოვიტივოთ ის უთანხმოებები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას წარმოიშვა და ვემსახუროთ ერს”.

იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანისა და სახელისუფლებო კოალიციის გამარჯვება ოფიციალური შედეგებითაც დადასტურდება, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა და ერდოღანის ძალაუფლებაც მკვეთრად გაიზრდება.

საარჩევნო კომისიამ პირველი ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში უნდა გამოაქვეყნოს. მანამდე კი, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, პირველი წინასწარი შედეგები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუმ” გამოაქვეყნა. ის ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელსაც აღნიშნულის ნებართვა ჰქონდა. ამ შედეგების მიხედვით, ერდოღანს 52% აქვს, მის მთავარ კონკურენტს “რესპუბლიკური პარტიიდან” კი თითქმის 31%. თუ მონაცემებს დავუჯერებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ შედგება, ვინაიდან კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად 50+1% სჭირდება.

“ანადოლუს” მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებშიც ერდოღანისა და ნაციონალისტების პარტიათა კოალიცია ლიდერობს.

ოპოზიცია, კერძოდ “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი მუჰარემ ინჯე სახელმწიფო მედიას მანიპულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგების არ სჯერა. პარტიის სპიკერის თქმით, ჯერ ერდოღანის გამარჯვებაზე საუბარი ადრეა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება. ასე ფიქრობს “კარგი პარტიაც” – პარტიის სპიკერმა აღნიშნა, რომ ხმები დიდ ქალაქებში ჯერ ისევ დათვლის პროცესში.

პარტიების განცხადებებს ეთანხმება “თავისუფალი არჩევნების პლატფორმაც” – ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება.

“როცა ხმების დათვლის პროცესში დიდ ქალაქებშიც დაიწყება, ვნახავთ, რომ შედეგები შეიცვლება და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მაჩვენებელოი 50%-ს ქვემოთ დაიწევს”, – აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი მურათ გეზიჯი გამოცემა “Sözcü” – სთან საუბრისას.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00-ზე დაიხურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი