ახალი ამბები

რუსეთი ოკუპენტია – სტიკერების გაკვრის გამო პოლიციამ 8 აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

24 ივნისი, 2018 • 3576
რუსეთი ოკუპენტია – სტიკერების გაკვრის გამო პოლიციამ  8 აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

8 აქტივისტი, რომლებიც თბილისის ქუჩებში აკრავდნენ სტიკერებს წარწერით “Russia is Occupant” [რუსეთი ოკუპანტია], ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. სტიკერების გაკვრის გამო პოლიციამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

აქტივისტები, მათივე გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აკრავენ სტიკერებს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ მათ ჯერ მოქალაქეების ნაწილი უპირისპირდება, შემდეგ კი პოლიციელები ჩნდებიან და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძვლით პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისინი პოლიციამ დააკავა, რასაც შსს არ ადასტურებს და განმარტავს, რომ  მათ წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 150-ე მუხლით და სამართალდარღვევის ოქმს სასამართლოს გადასცემენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლი გულისხმობს  თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას – სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.

კოდექსის მიხედვით ეს დანაშაული გამოიწვევს  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი