ახალი ამბები

შსს ამბობს, რომ ბასიანიდან დოკუმენტაციას კლუბთან შეთანხმებით იღებენ

22 ივნისი, 2018 • 1787
შსს ამბობს, რომ ბასიანიდან დოკუმენტაციას კლუბთან შეთანხმებით იღებენ

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლი ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბში შსს ჩხრეკას ატარებს და  ბასიანის ტერიტორიიდან გარკვეული დოკუმენტაცია გააქვთ.

“ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს, მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა,” – წერს კლუბის ერთ-ერთი დმფუძნებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კლუბის ტერიტორიაზე ჩხრეკის ჩატარებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ორივე მხარის შეთანხმებით გარკვეული დოკუმენტების ამოღება ხდება.

“არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი,” – აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა მიზნით ხდება დოკუმენტაციის ამოღება, ამ ეტაპზე შსს სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს. კლუბი 12 მაისის შემდეგ შინაგ საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დახურული და ლუქი 23 მაისს მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი