ახალი ამბები

შოთა ადამაშვილი: ქუჩის მუსიკოსებისთვის რეპერტუარის დაწესება ცენზურას წააგავს

21 ივნისი, 2018 • 2861
შოთა ადამაშვილი: ქუჩის მუსიკოსებისთვის რეპერტუარის დაწესება ცენზურას წააგავს

მუსიკოს შოთა ადამაშვილის თქმით, ქუჩის მუსიკოსების საქმიანობის რეგულირება ქალაქს მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ ეს რეგულაციები შინაარსობრივად ჯანსაღი იქნება. ნეტგაზეთთან საუბრისას ასე შეაფასა მუსიკოსმა სერგი გვარჯალაძის განცხადება, რომელმაც დღეს ქუჩაში მუსიკის დაკვრის შესაძლო რეგულაციებზე ისაუბრა.

მუსიკოსის თქმით, 6 წლის განმავლობაში უკრავდა ქუჩაში და ახლაც ნაწილობრივ დაუბრუნდა ამ საქმიანობას. ამასთან, ადამაშვილი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა პოლონეთში და მეტ-ნაკლებად იცნობს ამ კუთხით სხვა ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებას, სადაც ზოგიერთი ქალაქის ტურისტულ ცენტრებში ეს სფერო მართლაც არის გარკვეულწილად დარეგულირებული და ზოგან ნებართვებიცაა საჭირო.

” თუმცა რეპერტუარის დაწესება არის სასაცილო და მეტიც, ცენზურას წააგავს,” – გვითხრა მუსიკოსმა.

მისივე თქმით, ადამიანის გემოვნება განსხვავდება და ის მუსიკალური ჟანრი, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორესთვის მოსაწონი შეიძლება არ იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია და არა რეგულაციის.

მუსიკოსი ამბობს, რომ რეპერტუარის დაწესება მიუღებელია, ზოგადად, ამ სფეროს დარეგულირებას კი თავისი არაერთი დადებითი მხარეს აქვს. მაგალითად, მას ურჩევნია ზუსტად იცოდეს, სად და როდის შეუძლია დაკვრა.

“იმიტომ, რომ მუსიკოსებს ბევრი სივრცე დაკვრისთვის არ ეძლევათ. ზოგადად, ფეხით მოსიარულეთათვის სივრცეები შეზღუდულია ჩვენს ქალაქში და უმეტესად მანქანების გნიასს გააქვს ყველაფერი”, – ამბობს ადამაშვილი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი რთულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.

“გვარჯალაძის განცხადებაში მე იმას მივესალმები, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მერია ქუჩის მუსიკოსობას, როგორც საქმიანობას, აღიარებს. აღიარებს ქუჩის მუსიკოსს, როგორც თვითდასაქმებულ ადამიანს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს,” – ამბობს მუსიკოსი.

ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ქუჩის მუსიკოსებისთვის შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს, რომლის მიხედვითაც უნდა წარადგინონ თავიანთი რეპერტუარი და ის, თუ სად შეეძლება დადგომა.

სერგი გვარჯალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არიან ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც აკეთებენ მუსიკას, მაგრამ მათ გევრდით არიან ისინიც, ვინც ხმაურს ქმნიან.

გვარჯალაძე ამბობს, რომ ლონდონის გამოცდილების მიხედვით, მუსიკოსი წინასწარ ათანხმებს რეპერტუარს და ადგილს, სად შეუძლია იმღეროს, რომელ საათებში. მისი თქმით, ლიცენზიები, მათ შორის ფულადი გადასახადი არ დაწესდება.

“მუსიკას უნდა უკრავდნენ და არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გაჭირვების გამო გამოვიდა”, – ამბობს გვარჯალაძე.

თუ ვინ გასცემს ნებართავს და რა ფორმით, ეს მოსაფიქრებელია, ამბობს გვარჯალაძე. იგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს საპილოტე პროექტი, მერიამ ჩაატარასო ქუჩის მუსიკის ფესტივალი, რომელიც განავითარებს ქუჩის მუსიკის სცენას.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელძღვანელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში შესაძლოა შემსრულებლებმა ვიდეოები გამოაგზავნონონ და მოქალაქეების ჩართულობით და ხმის მიცემით გაარკვიონ გამარჯვებული.

რა მოხდება, თუ ქუჩის მუსიკოსი ნებართვის გარეშე დაუკრავს ქუჩაში? სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დააკვირდებიან, ვინ არის, რა ტიპის მუსიკოსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი