ახალი ამბები

“აიისას” შემდეგ უხამსი რეკლამირებისთვის “ქართული იდეა” თბილისის მერიას უჩივის

15 ივნისი, 2018 • 8389
“აიისას” შემდეგ უხამსი რეკლამირებისთვის “ქართული იდეა” თბილისის მერიას უჩივის

“ქართული იდეა” პრეზერვატივების კომპანია “აიისას” შემდეგ უხამსი რეკლამირების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უჩივის.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეა” აცხადებს, რომ ეს გამოსახულებები შეიცავს რეკლამის შესახებ კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა დარღვევის აშკარა ნიშნებს, “წარმოადგენს არასათანადო, უხამს და ამორალურ რეკლამა–გამოსახულებას და არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ნორმებს”.

პარტია მოითხოვს, რომ ეს გამოსახულებები გადაღებონ, ხოლო მისი შემოქმედები ადმინისტრაციული წესით გააფრთხილონ და შემდეგში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

საუბარია მერიის მხარდაჭერით ჩატარებულ ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შესრულებულ მხატვრობებზე, რომლებიც ბარათაშვლის ხიდზე მდებარეობს. ქართული იდეა მიიჩნევს, რომ რამდენიმე ნახატი უხამსია.

მაგალითად, ფილარმონიასთან მდებარე მუზის ქანდაკების გამოსხულების ქვეშ წარწერილი “FUCKIN MUSE”, ასევე, უხამსობაა შიშველი კაცისა და ქალის გამოსახულება, ამტკიცებს ქართული იდეა.

ქართული იდეა მერიას უხამსი რეკლამირების ბრალდებით უჩივის. სტენსილი ბარათაშვილის ხიდზე

“ქართულ იდეას” ასევე პრეტენზია აქვს ბარათაშვილის ხიდზე გაკეთებულ სტენსილზე, რომელზეც ორი ქალი კოცვნის ერთამენთს, ხოლო ქვეშ აქვს წარწერა “ჩემი ოჯახიც წმინდაა.” ეს გამოსახულება ასევე უხამსობად მიაჩნია “ქართულ იდეას”. მერიაში უარყოფენ, რომ ეს სტენსილი ფესტივალის ფარგლებში დახატეს, სხვა სტენსილები კი ამ ფესტივალის ფარგლებშია შესრულებული.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თუ “ქართულმა იდეამ” ზედახმედველობის სამსახურს მიმართა, სამსახური ამ საკითხის შესახებ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გამოიტანს. თბილისში 2 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობდნენ.

“პროექტის ორგანიზატორი იყო საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი -თბილისის მერია. ნამუშევრების შემოქმედებით მხარეს, პროექტის ესკიზების შექმნასა და განხორციელებას განსაზღვრავდნენ თავად მხატვრები და მისი შინაარსი იყო თავისუფალი”, – განმარტავენ თბილისის მერიიდან.

ანალოგიური საჩივრით ქართულმა იდეამ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა პრეზერვატივების კომპანია “აიისას” წინააღმდეგ , რომ “აიისა” პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ორი თითის გამოსახვით არღვევდა კანონის მოთხოვნას არაეთიკური და უხამსი რეკლამის დაუშვებლობაზე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიისას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კანონის მიხედვით, ამ საკითხზე სასამართლოს უნდა ესმჯელა, სასამართლომ  ამ საქმეზე  “აიისა”, როგორც ინდმემწარმე,  500 ლარით დააჯარიმა.

სასამართლო პროცესზე მერია ასაბუთებდა, რომ წითელი მეფეთა მოსასხამის ფერია, რომელიც ქრისტესგან მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო ცისფერი და ყვითელი ზეციური ფერია, ამ ფერების გამოყენებით კომპანია “აიისა” კანონს არღვევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება “აიისამ” სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც საქმე ლევან მურუსიძემ უნდა განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი