ახალი ამბები

ინდოელი ტურისტი, რომელიც მუნდიალზე ველოსიპედით მიდიოდა, საქართველოში არ შემოუშვეს

21 ივნისი, 2018 • 1780
ინდოელი ტურისტი, რომელიც მუნდიალზე ველოსიპედით მიდიოდა, საქართველოში არ შემოუშვეს

კლიფინ ფრენცისი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში მსოფლიო ჩემიპონატზე დასასწრებად ველოსიპედით მიდიოდა, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ პირს იმის გამო ეთქვა უარი საზღვრის გადმოკვეთაზე, რომ მან ვერ დაასაბუთა, სად და რატომ მიდიოდა. უწყებაში ამბობენ, რომ ფრენცისს არ ჰქონდა საკმარისი საბუთები ვიზიტის დასადასტურებლად და სწორედ ამ მიზეზებით ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

ფრენცისი ინდოეთში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს. როგორც BBC-სთვის მიცემულ ინტერივუში ამბობს, მისი შემოსავალი არ აძლევდა საშუალებას, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთები შეეძინა, ამიტომ ოცნების ასახდენად სამშობლოდან ველოსიპედით დაიძრა. ფრენცისის თქმით, მას არც სასტუმროში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა და ღამეს მეტწილად კარავში ათევდა.

ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანიდან უნდა გადმოეკვეთა. როგორც ბრიტანულ მედიასთან საუბრისას ამბობს, მისთვის უცნობია, რატომ უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე უარი, რადგან ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.

ამის მიუხედავად, ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას ფრენცისი არ შეუჩერებია. როგორც BBC წერს, მოგვიანებით, აზერბაიჯანმა მას ვიზა განუახლა და ქვეყანაში ხელახლა შესვლის შესაძლობლობა მისცა.

“რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან აზერბაიჯანში ერთჯერადად შესასვლელი ვიზა მქონდა. ვიზის განახლების შემდეგ ახალი მარშრუტი უნდა მომეძებნა რუსეთში მოსახვედრად. ვიღაცამ მითხრა, აზერბაიჯანი დაღესტნის რეგონით ესაზღვრებოდა რუსეთს და მეც ამ მიმართულებით წავედი. იმის მიუხედავად, რომ ეს გზა შესაძლოა ჩემთვის უსაფრთხო არ ყოფილიყო, სხვა გამოსავალი არ მქონდა.” – იხსენებს ტურისტი.

ფრენცისი დაღესტანში 5 ივნისს ჩავიდა. ის მოსკოვში 26 ივნისს უნდა იყოს, რათა საფრანგეთი – დანიის მატჩს დაესწროს. მისი თქმით, ეს ერთადერთი შეხვედრაა, რომელზე დასასწრები ბილეთის შეძენაც შეძლო. თუმცა მისი ოცნება არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის ნახვაა:

“არგენტინას ვუჭერ მხარს და ლიონელ მესი ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. ჩემი ოცნებაა, მას შეხვდე და ჩემს ველოსიპედზე ავტოგრაფის დაწერა ვთხოვო” – ამობს ფრენცისი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი