ახალი ამბები

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში დამნაშავედ ცნეს

20 ივნისი, 2018 • 4410
ავთანდილ ხურციძე აშშ-ში დამნაშავედ ცნეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდალ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ დანაშაულში, მათ შორის გამოძალვაში წაყენებულ ბრალში. გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღეს. ამის შესახებ RFERL წერს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

პროკურორთა თქმით, შულაიას დაჯგუფებაში არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ისინი განმარტავენ, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნევადაში.

რაც შეეხება თავად ხურციძეს, დეპარტამენტის მტკიცებით, საქმის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ვიდეოკამერებმა ორჯერ დააფიქსირეს, თუ როგორ ესხმოდა თავს დაზარალებულებს შულაიას სახელით.

ხურციძე დამნაშავედ გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში ცნეს. ამერიკული კანონმდებლობით თითოეული მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

აქამდე ავთანდილ ხურციძეს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი