ახალი ამბები

გახარია: აპრილში პარლამენტმა აკრძალული ნივთიერებების სიას მეფედრონი დაამატა

20 ივნისი, 2018 • 1575
გახარია: აპრილში პარლამენტმა აკრძალული ნივთიერებების სიას მეფედრონი დაამატა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვის საპასუხოდ, რა კეთდება ქვეყანაში ქიმიურ ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით,  განაცხადა, რომ აპრილში პარლამენტმა აკრძალულ ნივთირერებათა სიაში მეფედრონი შეიტანა. გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს იმედი აქვს, რომ პარლამენტის მხარდაჭერა ექნებათ საკანონმდებლო ჩარჩოს დასახვეწად:

“ნარკოტფრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა და ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორები ძალიან გვეხმარებიან. ჩვენ ამ პრობლემებზე პარლამენტთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. განსაკუთრებით, ახალი ნარკოტიკების გაჩენასა და გამოჩენის საკითხში. მოგეხსენებათ, მხოლოდ აპრილში ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების აკრძალულ სიაში მეფედრონი შეიყვანა პარლამენტმა და დღეს ეს უკვე არის დასჯადი ქიმიური შემადგენლობა. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ბევრს.

მიმაჩნია, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს არა მხოლოს შსს-ს პრიორიტეტი, არამედ ყველა ჩვენგანის პრიორიტეტი როგორც საკანონმდებლო, ასევე, ოპერატიულ დონეზე. ჩვენ მზად ვართ ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში, ისევე როგორც ე.წ. ქურდული სამაროს მიმართულებით, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს” – თქვა გიორგი გახარიამ.


29 აპრილს თბილისში ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკულ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან.

ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში ახლად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონით  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა. ამავე პერიოდში ორი ადამიანის საკუთარ სახლში გარდაცვალების ფაქტს შსს ადასტურებს. მათი თქმით, გამოძიება ორივე ფაქტზე 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით დაიწყო, თუმცა, მათივე განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია სხვა გარდაცვლილების შესახებ.

ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ადამიანი დააკავა, რომელსაც უწყება ნარკოტიკების გასაღებას ედავება. 8 დაკავებულიდან კლუბის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მათგანი დააკავეს, დანარჩენები კი- თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პროკურატურამ იმ ნივთიერებების სია გამოაქვეყნა, რომელთა გავრცელებასაც ედავება უწყება  ნარკორეალიზაციაში ბრალდებულ 8 პირს, თუმცა მეფედრონი არცერთი მათგანის საქმეში არ ფიგურირებს.

“ანტიდოტი არ არსებობს” – რა არის მეფედრონი?

მასალების გადაბეჭდვის წესი