ახალი ამბები

“იდენტობამ” 2013 წლის უფლებადამცველები დააჯილდოვა

20 იანვარი, 2014 •
“იდენტობამ” 2013 წლის უფლებადამცველები დააჯილდოვა

2013 წლის უფლებადამცველი ჟურნალისტის ნომინაციაში გიორგი კიკონიშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად “ნეტგაზეთში” აწარმოებს საავტორო სვეტს.

 

სამოქალაქო აქტივისტის ნომინაციაში გამარჯვებული იურისტი თამარ გურჩიანი გახდა; სახელმწიფო მოხელეებს შორის ჯილდო საპარლამენტო უმრავლესობის წევრს – თამარ კორძაიას გადაეცა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ გაიმარჯვა.

 

დღესვე “რკინის ტაბურეტით” დაჯილდოვდა გიორგი გაბედავა. ამ ნომინაციაში მის გარდა წარდგენილი იყო მეუფე იაკობი.

 

“იდენტობამ” ადამიანის ღირსებისა და უფლებადამცველთა ყოველწლიურ ჯილდო დააწესა, რათა წაახალისოს ის ადამიანები, ვინც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული მანდატისა თუ სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში იცავდა “იდენტობის სამიზნე ჯგუფების” ღირსებასა და უფლებებს (ლგბტ ადამიანები, ქალები, კანონთან კონფლიქტში მყოფი და მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, შშმ პირები და ბოშათა თემის წარმომადგენლები). 

 

ხოლო “რკინის ტაბურეტით” ჯილდოვდება ერთი ადამიანი, რომელმაც, საქართველოს მოქალაქეთა აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი განსხვავებულობის მიმართ შეუწყნარებლობით.

 

კონკურსის მიხედვით, მოქალაქეები ასახელებენ კანდიდატებს, ხოლო კომპეტენტური ჟიური მათგან გამარჯვებულებს გამოავლენს. 2013 წელს საპრიზო ფონდი 2.000 ლარი იყო.

 

როგორც “იდენტობაში” აცხადებენ, მომავალი წლიდან კატეგორიები გაფართოვდება და ჩამონათვალს ექიმები, მეწარმეები, სასულიერო პირები და  მასწავლებლები დაემატებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი