ახალი ამბები

ახობაძე: წულუკიანის ბრალდებები ჩემს “ვაჭრობაზე” სამარცხვინოა, ბოდიშზეც თანახმა ვიყავი

19 ივნისი, 2018 • 2268
ახობაძე: წულუკიანის ბრალდებები ჩემს “ვაჭრობაზე” სამარცხვინოა, ბოდიშზეც თანახმა ვიყავი

დღეს 19 ივნისს, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა თანამდებობის გამო “ვაჭრობაში” დასდო ბრალი  პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს. აღნიშნული განცხადება ახობაძემ დარბაზშივე ხმამაღლა გააპროტესტა, რის გამოც მანდატურებმა მას სხდომა დაატოვებინეს.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში თამაზ ახობაძე განმარტავს, მანდატურების მიმართ მას პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან ისინი ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, ხოლო ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მისივე სიტყვების მიხედვით, პრობლემური თავად იუსტიციის მინისტრის განცხადება იყო.

“თეა წულუკიანის ბრალდებები არის აბსოლუტურად სამარცხვინო, ეს არის ტყუილი. ჩვენ სამივე ინსტანციაში მოგებული გვაქვს საქმე და განაჩენშიც  წერია, რომ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამდებობებზე უნდა აღგვადგინონ და უნდა განაცდური ჩაგვირიცხონ. მოლაპარაკებაზე წასვლა ჩვენი კეთილი ნების გამოხატვა იყო. სწორედ ამ ეტაპზე  მათ გვითხრეს, შენს პოზიციაზე სხვა ადამიანი დავასაქმეთ, ამიტომ აღდგენა რთული იქნებაო,” – განმარტავს ახობაძე.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ არავის გათავისუფლება არ სურდა და უწყებას  ორი ალტერნატივა შესთავაზა:

“პირველი ალტერნატივა იყო ის, რომ ჩემთვის განაცდური მოეცათ, რაც მეკუთვნის, და რახან ვერ აღგვადგენდნენ, ამისათვის კომპენსაცია გადაეხადათ. მეორე ალტერნატივა იყო, რომ თუ ამასაც ვერ ახერხებთ, მაშინ განაცდური მომეცით და იუსტიციის სამინისტრომ მომიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ არღვევდა ჩემს უფლებებს 4 წლის განმავლობაში. რა ვაჭრობაზეა საუბარი, ბოდიშზე ვიყავი თანახმა. ბოდიშის მოხდაც არ უნდათ იმის გამო, რომ ამდენი რამე დააშავეს,” – აცხადებს თამაზ ახობაძე.

ახობაძისა და სუბელიანის საქმე

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

თუმცა, როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს,  დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ამის შესახებ მათ საიას ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძით თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი  თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

ეს გადაწყვეტილება, ამჟამად უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო ახობაძისა და სუბელიანის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, როგორც ახობაძე ნეტგაზეთთან განმრტავს, საქმე ავტომატურად დაბურნდება სააპელაციოში, ოღონდ ამჯერად მორის ბარამიას მონაწილეობით. მისივე თქმით, სამართლებრივად ეს არაფერს შეცვლით, თუმცა, დროს ნამდვილად გაწელავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი