ახალი ამბები

არასამთავრობოები ოზურგეთში ენმ-ის დეპუტატის ცემის დროულად გამოძიებას ითხოვენ

19 ივნისი, 2018 • 1518
არასამთავრობოები ოზურგეთში ენმ-ის დეპუტატის ცემის დროულად გამოძიებას ითხოვენ

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ხელმომწერები შეშფოთებას გამოხატავენ მომხდარის გამო და სამართალდამცავ ორგანოებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

“ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა.  თუმცა, არცერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა.

მსგავს ფაქტებზე არაეფექტური რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა”, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობოები: “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)”, “საფარი”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)”, “მედიის განვითარების ფონდი (MDF)”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)”, “თანასწორობის მოძრაობა”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)”.

ინციდენტი ოზურგეთის საკრებულოში მიმდინარე წლის 15 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო

მომხდარზე გამოძიება დაიწყო ცემის მუხლით,  ბრალი კი “ქართული ოცნების” დეპუტატს, ტარიელ აროშიძეს წარედგინა. ის 17 ივნისს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ  5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი