ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ აფასებენ აფხაზეთში ჩინოვნიკებისთვის საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვას

19 ივნისი, 2018 • 5477
როგორ აფასებენ აფხაზეთში ჩინოვნიკებისთვის საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვას

აფხაზი მაღალჩნოსნებისთვის საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის აკრძალვასა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი აფხაზეთში რამდენიმე რესპონდენტს ესაუბრა.

[red_box] აიდა ლადარია, არასამთავრობო ორგანიზაცია აფხაზეთის საზოგადოებრივი განვითარების ფონდის “ამშრა” თანადირექტორი [/red_box]

“იმის გათვალისწინებით რომ აფხაზეთი არ არის აღიარებული, ერთადერთი მოედანი, ჩვენი პოზიცია მსოფლიო საზოგადოებამდე რომ მივიტანოთ, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი შეხვედრებია. და არასწორია იდეა, რომ დღეს აფხაზეთს წაართვა ასეთი მოედნები.

ადამიანებს ოფიციალური წარმომადგენლების უფრო სჯერათ. ანუ ჩვენს პოზიციებს თუ ოფიციალური ხელმძღვანელობაც ახმიანებს, ეს მსოფლიო საზოგადოებისთვის უფრო დამაჯერებელია.

იმის მიუხედავად, რომ ეს აკრძალვა არა მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკებზე ვრცელდება [აქვე უნდა ითქვას, რომ არც ისე ბევრი ჩინოვნიკი იღებდა მონაწილეობას არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში], ზოგიერთმა ჩვენი მოქალაქემ მსგავს მოედნებზე თანამშრომლების მონაწილეობის აკრძალვა ქალაქისა და რაიონების დონეზეც დაიწყო.

გარდა ამისა, ეს აკრძალვები ხელს უშლის ადამიანების განვითარებას, მათთვის ახალ ცოდნის მიღებას.

არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანები სხვების გამოცდილებას ეცნობიან. გასაგებია ისიც, რომ ბრმად არავინ არაფერს გადმოიღებს. საკმაოდ გონიერი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ვიზიტებიდან ჩამოტანილ გამოცდილებას კონტექსტის შესაბამისად გამოიყენებს.

ვფიქრობ, ეს აკრძალვა, გარკვეულწილად, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების ლობირებას ემსახურება.


ნატალია კვარაცხელია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსი 

ეს აკრძალვა იმისთვისაა, რომ რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი საერთაშორისო შეხვედრებზე არ წასულიყო. თუმცა, თუ ეს ვიზიტები სახელმწიფო მნიშვნელობისაა აღიარების კუთხით ან ეკონომიკის განვითარებისთვის, მაშინ კი, პრემიერ-მინისტრის თანხმობით შესძლებელი იქნება ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა.

გამოქვეყნებულ პროტოკოლში სულ სხვა ქვეტექსტი იყო, თუმცა ის, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სხვაგვარად აღიქმება. პირველ რიგში, გადაწყვეტილება აკრძალვასთან დაკავშირებით საბიუჯეტო თანხების ეკონომიის მიზნითაა განპირობებული. ასეთ ვიზიტებზე დიდი თანხები იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ წელს კი ისედაც ბევრი ფინანსური პრობლემა გვქონდა. უნდა გადავხედოთ ხელფასებისა და პენსიების ზრდის საკითხს, ასე რომ, სამუშაო ვიზიტებზე ფულის ხარჯვა უნდა შევზღუდოთ. არანირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს ამას.

იმ შემთხვევაში კი, თუ აკრძალვას არ დაემორჩილებიან, მაშინ აფახაზეთის შრომის კოდექსის შესაბამისად მოვიქცევით.


ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აქტივისტი [ქართულ მედიასთან სახელის დასახელება არ სურს]

ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს, გენადი გაგულიას შევხვდი. მისი თქმით, ეს აკრძალვა არ ზღუდავს არასამთავრობოებს, უბრალოდ მას არ მოსწონს, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი იქ საერთაშორისო ორგანიზაციის მიწვევით მიდის და ქვეყნის ხელმძღვანელობას საქმის კურსში არ აყენებს. ამასთან, გაგულია ირწმუნებოდა, რომ არ არის წინააღმდეგი ადგილობრივი არასამთავრობოების საქმიანობისა.

რაც შეეხება არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმებას, ჩემი აზრით,  ეს გადაჭარბებული ზომაა, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციები ისედაც ყოველწლიურად აბარებენ ანგარიშს იუსტიციის სამინისტროში, კვარტალურად კი –  საგადასახადო ინსპექციაში.

არ მესმის, რა ხდება. ეს ან შემთხვევითობაა, ან გაუგებრობა, ანდა მორიგი კამპანია NGO-ების წინააღმდეგ. შესაძლოა, ჩვენი იზოლირების მცდელობა ქართული მხარისგან მოდიოდეს. მხოლოდ მაგათ შეიძლება აწყობდეთ, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის საერთაშორისო არენაზე მიტანა შეგვეზღუდოს.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდი აქვეყნებს განკარგულებას, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო ცენტრალური ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა”.

გარდა ამისა, სავალდებულო ხდება “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. ასევე, სავალდებულო წესით შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრთან ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანოების თანამშრომელთა სამუშაო ვიზიტებთან  დაკავშირებით”.

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზი ჩინოვნიკები პერიოდულად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ შეხვედრებში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიებზე ქართულ მხარესთან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო რთული ხდებოდა  აფხაზი მაღალჩინოსნებისთვის მსგავს შეხვედრებზე გამგზავრება.

დაახლოებით ერთი წლის წინ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო შეხვედრებში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ, “ქვეყნის ღალატში” დაადანაშაულეს. მაშინ ამ კამპანიას პასუხი გასცეს ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტიურმა წარმომადგენლებმა მათ, ვინც წლების განმავლობაში აფხაზეთის სამოქალაქო სექტორს სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში წარმოადგენენ და აფხაზურ პოზიციებს იცავდნენ. მათი განცხადებით, აფხაზეთში გარკვეული ჯგუფების მთავარი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც დასავლური დონორები აფინანსებენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ამ ფონზე, შესაძლოა, აფხაზეთში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპოექტის იდეაც გაჩნდეს, რასაც, მათი განმარტებით, აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი