ახალი ამბებიხელოვნება

შეურაცხყოფილმა მაღალჩინოსნებმა გორში სპექტაკლი უხამსი სიტყვების გამო დატოვეს

17 ივნისი, 2018 • 8664
შეურაცხყოფილმა მაღალჩინოსნებმა გორში სპექტაკლი უხამსი სიტყვების გამო დატოვეს

გორში, კომედიის საერთაშორისო ფესტივალი სკანდალითა და გაუგებრობით დასრულდა – შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დასკვნითი სპექტაკლი “უცენზურო სიტყვებისა და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების” გამო გორის მერიის მაღალჩინოსნებმა, ოჯახებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“დემონები” – ასე ჰქვია თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე დრამას, რომელიც სამეფო უბნის თეატრმა, მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით, ქართულად დადგა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, “დემონების” დადგმით უკმაყოფილო დარჩა და პრეტენზიები ჰქონდა გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსაც, თუმცა სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა. ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებთან ერთად, დარბაზი პროტესტის ნიშნად გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმაც ოჯახის წევრებითურთ დატოვა.

ეკატერინე სუხიშვილი “დემონებს” ფსიქოლოგიურ და რთულად შესასრულებელ სპექტაკლად თვლის, თუმცა ფესტივალის დახურვის საცერემონიო ჩვენებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

“დემონები”

“იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს, მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ,” – ციტირებს გორის მერის მოადგილის სიტყვებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

გორის მერი ამბობს, რომ ეთანხმება “გორის კულტურული საზოგადოების” მიერ გამოთქმულ შენიშვნებს:

“მოგეხსენებათ, დასკვნით ღონისძიებას გორის კულტურული საზოგადოება ესწრებოდა და თავისთავად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ უხამსმა სიტყვებმა და ქმედებებმა, რაც წარმოდგენილი იყო. ვიცოდით, დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება,” – ციტირებს კონსტანტინე თავზარაშვილის სიტყვებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

როგორც გორის მერი აცხადებს, ფესტივალის მენეჯერს მერიისთვის წინასწარ არ შეუთანხმებია რეპერტუარი. კონსტანტინე თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ რეპერტუარის თაობაზე საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ შესაბამისი სამსახური. სპექტაკლის რეჟისორი, მიხეილ ჩარკვიანი გორის მერის სურვილს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“გორის მერს ფესტივლებია სწორი თუ ფესტივალები ეს ვერ გაურჩევია. ითხოვს ფესტივალისგან შესაბამის სამსახურებთან (რომელია ეგეთი სამსახური?) რეპერტუარის შეთანხმებას და ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.”

როგორც მიხეილ ჩარკვიანი ამბობს, სპექტაკლში მართლაც უხვადაა უცენზურო ტექსტი და კიდევ ბევრი სხვადეტალი, რამაც შეიძლება გააღიზიანოს გარკვეული შეხედულებების მქონე მაყურებელი.

“დგებოდნენ და ტოვებდნენ დარბაზს ან ადგილზე ფუთფუთებდნენ შეურაცხყოფილები, მერე ფოიეშიც დიდი ამბავი ყოფილა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი. ახალგაზრდები ისხდნენ, დიდი ინტერესით უყურებდნენ და ისმენდნენ ამ სასტიკ, შავი იუმორით გაჯერებულ ტექსტს, რომელშიც, მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც სასაცილო არაფერია. იმის თქმა მინდა, რომ თეატრი არსებობს მსგავსი პროცესებისთვის. ეს არის ის იშვიათი მომენტი, როცა თეატრი ამართლებს თავის ფუნქციას.

ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა დარბაზში, რომელსაც მოეწონა სპექტაკლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა საკამათო საკითხი მათთვის, ვინც დარბაზში დარჩა და მათთვის, ვინც დარბაზიდან გავიდა. ამ დისკუსიის არსებობა უმნიშვნელოვანესია ქართულ თეატრალურ სივრცეში და მისი არარსებობა არის ამ წუთას ყველაზე მწვავე პრობლემა. მოკლედ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და მიხარია, რომ ამ სპექტაკლით მოვხვდი ამ ფესტივალზე,” – წერს ფეისბუკზე სპექტაკლის რეჟისორი.

სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი, დათა თავაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სულ რამდენიმე ადამიანი გავიდა დარბაზიდან და არა მაყურებლის ნახევარი, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. მან ამის დასამტკიცებლად სოციალურ ქსელში სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლის ოვაციების კადრები გამოაქვეყნა.

თავაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგნელების პრეტენზიები ნამდვილად დიდი პრობლემაა, თუმცა მაყურებელი ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი:

როგორც გავიგე, მას შემდეგ, რაც უხამსი ლექსიკა გამოიყენეს მსახიობებმა, გორის მერიის თანამშრომლებმა დატოვეს პროტესტის ნიშნად დარბაზი და შემდეგ აღშფოთებულებს ულაპარაკიათ, რომ გორის თეატრის სცენაზე ეს არ უნდა ხდებოდესო. მე თვითონ არ შემიხედავს, ვინ გადიოდა და ვინ არა.”

დათა თავაძის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები მომრავლდა ხელოვნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად – თეატრში.

“ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინოვნიკებმა მსგავსი რეაქცია გამოხატეს; მგონი, რაღაც ნორმად გადაიქცა და გარკვეული მარეგულირებლის ფუნქცია აიღეს მორალურ-აღმზრდელობითი საზოგადოების ამ თვალსაზრისით, რაც ძალიან სახიფათო სახეს იღებს.

არ მაქვს უფლება სხვა რეჟისორების სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ესეთი შემთხვევები იყო სხვაგანაც, განსაკუთრებით, რეგიონებში. ზუსტად ერთი კვირის წინ ლამის სპექტაკლის პრემიერა ჩაიშალა. ფოთის თეატრს ჰქონდა არაერთი ძალიან მწვავე სკანდალი მუნიციპალიტეტთან, როდესაც ჰენრიკ იბსენის “ხალხის მტერი” დადგეს. ეს არის კლასიკური პიესა და წესით, იბსენთან კამათს დიდი აზრი არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ვეღარავინ ვერაფერს დააკლებს მას. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელი რეაქციები მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ დადგმას. ამაზე რეაქცია აუცილებელია,” – განუცხადა ნეტგაზეთს რეჟისორმა.

სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორის თქმით, ძალიან უხარია, რომ სწორედ “დემონები” დადგეს გორში, რადგან ამ სპექტაკლმა აჩვენა, რამდენად გაყოფილია საზოგადოება:

“ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი მოხდა გორში იმიტომ, რომ მაყურებელი იცავდა თვითონ სპექტაკლს თავისივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან.”

“დემონების” შესახებ

სამეფო უბნის თეატრს “დემონების” პრემიერა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჰქონდა. სპექტაკლში კახა კინწურაშვილი, ნატუკა კახიძე, თორნიკე გოგრიჭიანი და ქეთა შათირიშვილი მონაწილეობენ.

“ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს,” – ასე აღწერს სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლის შინაარსს.

დღეს, 17 მარტს, სამეფო უბნის თეატრში “დემონები” ამ სეზონზე ბოლოჯერ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი