ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას კვლავ არ აპირებს და სტრასბურგში ჩივის

15 ივნისი, 2018 • 1475
ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას კვლავ არ აპირებს და სტრასბურგში ჩივის

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ დააკმაყოფილოს მისი სარჩელი და  ძალაში დატოვოს საქალაქო სასამართლოს დადგენილებით მისთვის დაკისრებული 2 000-ლარიანი ჯარიმა, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩის” პრესსამსახური ავრცელებს.

“მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, თითქოს მე ვაგინე და ვეჭიდავე პოლიციელებს – და დამაკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი. პროკურატურაში შეტანილი მაქვს საჩივარი იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მისცეს ცრუ ჩვენებები. ჯერჯერობით დუმილია. არ გადავიხდი,” – ამბობს ჯაფარიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც შემდგომ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ზურაბ ჯაფარიძეს შსს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

“გირჩელების” დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელების მიერ მოქალაქის დაკავება და მისი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის მცდელობა. ფაქტი “გირჩის” ოფისთან ახლოს მოხდა, რის შემდეგაც, პარტიის წევრებმა აღნიშნული მოქალაქის დაცვა სცადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი