ახალი ამბები

ჯაფარიძე: კითხვაზე, რატომ მომესაჯა ჯარიმა, პასუხი იყო “ჯაფარიძე იქცეოდა სტაბილურად”

4 მაისი, 2018 • 2909
ჯაფარიძე: კითხვაზე, რატომ მომესაჯა ჯარიმა, პასუხი იყო “ჯაფარიძე იქცეოდა სტაბილურად”

ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც დღეს სასამართლომ 2 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სასამართლო პროცესის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით,  მისივე კითხვაზე, თუ რატომ დაეკისრა ჯარიმა, როცა მისი თანაგუნდელებს იმავე ორი მუხლის გამო 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ, მოსამართლემ უპასუხა: “ჯაფარიძე იქცეოდა სტაბილურად”. ეს განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციის” დროს გააკეთა. 

სასამართლო იყო ჩვეულებრივი კლოუნადა. სასამართლოზე შსს-მ წამროადგინა ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც  ჩვენ მიერ გადაღებული ფეისბუკ ლაივიდან იყო აღებული და რომელიც თავსდებოდა გირჩის წევრების ფეისბუკ გვერდებზე. ვიდეოდან ამოკრეფილი ნაწილებით ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ. ამ ვიდეოებში არცერთი კონკრეტული მტკიცებულება არ აღმოჩნდა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ან მე, ან იაგომ, ან ვახომ ჩავიდინეთ რაიმე დანაშაული იმ ორ მუხლთან მიმართებაში, ანუ ან “ვიხულიგნეთ”, ან პოლიციას გავუწიეთ წინააღმდეგობა,” – განმარტავს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე განმარტებით,  პირველ ნაწილში[ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი] სასამართლო პროცესზე უნდა წარმოედგინათ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ნათელი გახდებოდა, რომ “გირჩის” წევრები პოლიციას ადამიანის დაკავებაში ხელს უშლიდნენ. 

“ასეთი რამ არ ყოფილა, მართალია, ჩვენ მათ ხმამაღლა ველაპარაკებოდით, უწმაწური სიტყვებიც იყო გამოყენებული, მაგრამ არა პოლიცილების მისამართით. ყოველი შემთხვევისთვის არა ფორმიანი პოლიციელის მისამართით. ასეთი მტკიცებულება იქ არ იყო. ფიზიკური შეხლა-შემოხლის არცერთი კადრი არ არის, სადაც ან პოლიციელს, ან დაკავებულს ვინმე ხელით ეხება,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება  წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, ჯაფარიძის სიტყვებით, მეორე ნაწილში სასამართლოში უნდა წარმოდგენილიყო იმის მტკიცებულება, რომ დაკავებულები პოლიციელებს ან გარშემომყოფ ხალხს აგინებდნენ.

“არც ასეთი მტკიცებულებები არ იყო მათ მიერ წარმოდგენილ კადრებში. შსს წავიდა სტანდარტული გზით, მოიყვანეს 6-7 პოლიციელი, რომლებმაც მოყვეს ჩვეულებრივი ზღაპრები , რომ თითქოს, ჩვენ მათ ვეჭიდავეობდით და ისინი ვერ ახერხებდნენ დაკავებულის გაყვანას,  შემდეგ თითქო, მათ გამოიძახეს რაზმი, რომელიც მოვიდა და დაეხმარა მათ . ამის დამტკიცება, რომ ეს არის ტყუილი , შეიძლება ძალიან მარტივად, იმიტომ, რომ ქუჩის იმ ნაწილში, სადაც ეს მოხდა, ძალიან ბევრი კამერაა დამონტაჟებული და სასამართლოს რომ ჰქონოდა რაიმე ინტერესი, რომ სიმართლე დაედგინა, ნახავდა, რომ არანაირი რაზმი იქ არ ყოფილა და ის ადამიანი გაიყვანეს ჩვეულებრივად და მშვიდობიანად, არცერთ “გირჩელს” ხელი არ მოუკიდია არავისთვის,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, აბსურდულია ის ბრალდებაც, რომლის მიხედვითაც ის, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ პოლიციის განყოფილების კარს ფეხით ამტვრევდნენ. ჯაფარიძის სიტყვებით, ტყუილია, რომ  შიგნით შეღწევის შემდე მათ პოლიციელებს, კონსტიტუციასა და გარშემომყოფ ხალხს აგინეს.

“ჩემს კითხვაზე, თუ რატომ მომესაჯა მე ჯარიმა, ხოლო იმავე მუხლებისთვის სხვა ორს პატიმრობა, მოსამართლემ მიპასუხა ასე, ვციტირებ: “ჯაფარიძე იქცეოდა სტაბილურად”, რაც არც მე ვიცი, რას ნიშნავს,” – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათი დაკავება და შემდგომი სასამართლო პროცესი “პოლიტიკური ამბავია”. მისი სიტყვებით, ამის ეჭვი იმის შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომლის დაკავებასაც შსს იმ დღეს ცდილობდა, მისი ნათესავი აღმოჩნდა.

” პირველ გავრცებულ ვერსიაში ისინი საუბრობენ, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ვიღაც მოქალაქეს ჰქონდა მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ყველა ჩვენებაში, რომელზეც ისინი საუბრობენ. მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ ეს პირი ჩემი ნათესავია, ღამე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი მისდევდნენ რეალიზატორს. ამის შემდეგ მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური ამბავია და უბრალოდ უნდათ “გირჩის” და ჩემი პირდად გაშავება, თითქოს ჩვენ რეალიზატორებს ვლობირებთ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.


თბილისი საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზურაბ ჯაფარიძეს შსს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

რაც შეეხება ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სამართალდამცავები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, “გირჩის” წევრებმა კი ხელი შეუშალეს.

“გირჩის” წევრების თქმით,  5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ მოქალაქის დაკავებას ცდილობდა. როგორც “გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ნარკოტიკით ვაჭრობდა

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი