როგორც ტყემალაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისი მოსაზრება, რომელიც თავდაპირველად IPN-მა გამოაქვეყნა დღეს, 15 იანვარს, ხუმრობა არ არის, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა და არა ინიციატივა:
“ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ ასეც შეიძლება დარეგულირდეს [ეს საკითხი], თორემ ეს არავითარი ინიციატივა არ არის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხის ასე დარეგულირებაც შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრება. მკითხეს, როგორ შეიძლება გადაწყდესო და მე ვუთხარი, რომ ეს საკითხი ასეც შეიძლება დარეგულირდესო”, – აცხადებს ტყემალაძე და დასძენს, რომ ამ მოსაზრების ინიციატივად ქცევას და გუნდში განხილვას არ აპირებს:
“ჯერ არაფერს არ ვაპირებ და როცა დავაპირებ, მაშინ გახდება თქვენთვისაც ცნობილი”.
ტყემალაძის ამ მოსაზრებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელებში, რომლის მომხმარებელთა ერთმა ნაწილმა დეპუტატი გააკრიტიკა. ეს ამბავი ხუმრობად მიიჩნია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა:
“მე ხუმრობად ჩავუთვლიდი… არ ხუმრობს?! მაშინ უფრო მძიმედ არის საქმე. თბილისში არსებული ტერიტორია ქუთაისს გადაეცეს?! ყველა აბსურდულ წინადადებაზე მე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო?! არსებობს ქალაქი ქუთაისი და არსებობს ქალაქი თბილისი. კონსტიტუციის მიხედვით საპარლამენტო ქალაქი ქუთაისია. თბილისს დავარქვათ ქუთაისი და ასე შეცვალოთ ვითარებაო, დაახლოებით ამას ამბობს ეგ კაცი. თქვენ ალბათ ერთობით, რომ რაღაც აბსურდებზე კომენტარებს მაკეთებინებთ”, – ამბობს დარჩიაშვილი.
“ვნახავ, აბა, ვინ მაკრიტიკებს და მერე გავაკეთებ კომენტარს”, – უთხრა ტყემალაძემ ნეტგაზეთს, როდესაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოსაზრებების კომენტირება ვთხოვეთ. კითხვას, რატომ გაუჩნდა მსგავსი მოსაზრება და ღირს თუ არა საკითხის ამგვარად დასმა, იგი ასე პასუხობს:
“ჟურნალისტმა მკითხა, როგორ შეიძლება ეს საკითხი დარეგულირდეს, მე ვთქვი, ბევრნაირად შეიძლება დარეგულირდეს და მათ შორის, ასეც. რაღატომ უნდა მკითხოთ ახლა, ვერ გავიგე – რატომ?”.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ტყემალაძის ზემოხსენებული მოსაზრების შესახებ მან მხოლოდ მედიით შეიტყო. ძიძიგური ადასტურებს, რომ უმრავლესობაში საპარლამენტო საქმიანობის თბილისში გადმოტანის სხვადასხვა იურიდიული ვარიანტი განიხილება, თუმცა მრეწველების ერთ–ერთი ლიდერის ხსენებული მოსაზრების თაობაზე საუბარი არ ყოფილა:
“ეს ბატონი ზურაბის მოსაზრებაა და მას უნდა კითხოთ როგორ არის, რას ადასტურებს, რას არ ადასტურებს. ის, რომ თბილისის პარლამენტის შენობა არის ერთადერთი კუთვნილი შენობა, რომელიც პარლამენტს გააჩნია, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისის პარლამენტის შენობაში მუშაობის შესაძლებლობებს განვიხილავთ. რა იურიდიული მექანიზმებით მოხდება ეს, ამაზე მსჯელობები მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, რასაც ბატონი ზურაბი ამბობს, მე მგონი, თვითონ მას უნდა ჰკითხოთ და მან უნდა დაადასტუროს ან უარყოს. მე არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამოვთქვა. მე არ ვიცი ბატონი ზურაბის ასეთი მოსაზრების შესახებ, უბრალოდ, ვნახე დღეს მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, რომ ვიცოდე, ბატონ ზურაბს ნამდვილად აქვს თუ არა ასეთი მოსაზრება”, – აღნიშნავს ძიძიგური.
ნეტგაზეთის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ პარლამენტში ტყემელაძის მოსაზრების თაობაზე სერიოზულად იმსჯელონ, და პირადად იგი, როგორც ვიცესპიკერი, როგორ უყურებს ამ საკითხს, დეპუტატი პასუხობს:
“თუ ბატონ ზურაბს ეს მოსაზრება გააჩნია, მის მოსაზრებას ექნება რაღაც არგუმენტაცია და შეიძლება მოვისმინოთ ეს ამბავი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება იმისათვის, რომ თბილისში იმუშაოს პარლამენტმა. ვფიქრობ, სხვა გამოსავლებიც არსებობს. რა გამოსავლები არსებობს? ამაზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ მოგახსენებთ”.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასა და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა დეპუტატთა საერთო რაოდენობის (150) ხმების ¾ ესაჭიროება. საპარლამენტო უმცირესობა კი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ საკითხის კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.