ახალი ამბები

საგანელიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებზე პოზიცია არ შეუცვლია

14 იანვარი, 2014 •
საგანელიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებზე პოზიცია არ შეუცვლია

“ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, ვისაუბრეთ, ვინმემ შეცვალა თუ არა პოზიცია, ფაქტობრივად – არა. მე მინდა გითხრათ, რომ ის მოვლენა, რაც მოხდა და ის პროცესი [მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პარლამენტის მიერ], რაც მიმდინარეობს, აშკარად არის დემოკრატიის ძალიან კარგი მაგალითი იმ მხრივ, რომ ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას: უმრავლესობა არ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ერთი კაცი ხელის ერთი გაქნევით მართავს. ამიტომ იქ ძალით ან დაჟინებით მოთხოვო ვინმეს, რომ პოზიცია შეცვალოს და ვინმეს ხმა მისცეს, ან არ მისცეს, ჩემი აზრით, მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება თითოეული ასეთი ადამიანისთვის. მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი და დანარჩენი, ვინ როგორ დაუჭერს მხარს, ეს გამოჩნდება”, – უთხრა საგანელიძემ “ნეტგაზეთს”.

პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა ლელა გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კანდიდატმა გენო გელაძემ ვერ მიიღეს. ლელა გაფრინდაშვილს და ნინია კაკაბაძეს მხარი კენჭისყრაზე არც დეპუტატმა საგანელიძემ დაუჭირა. იგი ნეტგაზეთთან საუბარში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისაგან თავს იკავებს:

“მოდით, ახლა ნუ გადავალთ ასეთ კერძო თემებში… ქალბატონი ნინია ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მოაზროვნეა, შესანიშნავი გარეგნობის პიროვნებაა, ძალიან პატივს ვცემ მას და ზოგადად მის ოჯახს, მაგრამ კონკრეტულად ამ თანამდებობაზე, ამ სტრუქტურაში მისი ყოფნა მე პირადად მიმაჩნია, რომ არ იქნება მთლიანად დამოუკიდებელი და ობიექტური”.


კითხვას, რატომ ვერ იქნება კაკაბაძე დამოუკიდებელი მაუწყებლის ბორდში არჩევის შემთხვევაში, საგანელიძე ასე პასუხობს:


“ეს ჩემი მოსაზრებაა, ხომ? თქვენც გაქვთ გარკვეული მოსაზრებები და ეს ჩემი მოსაზრებაა. მე მაქვს უფლება არ გიპასუხოთ ამ კითხვაზე”.

 

უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი პარლამენტში დემოკრატიულად განვითარდება. მისი თქმით, კანონის შესაბამისად, ხელახლა გამოცხადდება განცხადებების მიღება იმ ვაკანტურ ადგილებზე, რომელიც ბორდში დარჩება:

“არავინ არავის არაფერს დააძალებს, მათრახით არავინ დაადგება და არ მოითხოვს, ხმა მიეცით ამას, ან არ მისცეთო და, შესაბამისად, იმედია, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც მიიღებენ 76 ხმაზე მეტს. კიდევ დამატებით გამოცხადდება განცხადებების მიღება, განცხადებები შემოვა. მე გეტყოდით ასეთ რამეს, ძალიან დიდი პრობლემა და უსიამოვნება იყო ის, რომ თითქოს იმ ორკვირიანი ვადის თაობაზე, რომელიც განცხადებების შეტანისთვის იყო გამოცხადებული, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცოდა, ბევრმა განცხადება ვერ შეიტანა, მერე ჩვენ დაგვაბრალეს ისიც, რომ თითქოს მიჩუმათებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი და აფიშირება არ მოხდა. ახლა ვადაც იქნება და მაქსიმალურად ვთხოვ ყველა ტელევიზიას და მედიასაშუალებას, რომ ყველა ოჯახამდე მიიტანონ [ეს ამბავი], ყველამ შემოიტანოს განცხადება, რათა ერთი და ორი ვაკანსია თუ იქნება დარჩენილი, გაირკვეს, ვინ შეიძლება იყოს და ვინ არა. ჩართულობა უფრო მეტი იქნება და ის ეჭვები თუ კითხვები, რომ თითქოს ჩვენ [ეს პროცესი] მივაჩუმათეთ და მხოლოდ ამ 27 ადამიანით შემოვიფარგლეთ და მეტი არ გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მოიხსნება”.

 

უმრავლესობის ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ ახალი განცხადებები დღეისათვის არსებულმა შესარჩევმა კომისიამ უნდა განიხილოს, რომელსაც ზვიად ქორიძე ხელმძღვანელობს:

“მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ამ კომისიამ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა”.

კითხვას, რას გულისხმობს კომისიის მხრიდან საქმის კარგად გაკეთებაში, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობამ მის მიერ დასახელებული  27 კანდიდატიდან სასურველი წევრები ვერ ამოირჩია, იგი ასე პასუხობს:

 

“ეს ამას არ ნიშნავს. ჩემთვის შეიძლება იმ კანდიდატებიდან ყველა მისაღები იყო, მაგრამ 76 კაცის მოსაწონი არ იყო მათი კანდიდატები და რა არის ამაში განსაკუთრებული? 85 კაცი ვართ უმრავლესობაში, აქედან 76–მა უნდა მისცეს ხმა, მაგრამ არ მოიძებნა 76–ხმიანი კანდიდატი და, შესაბამისად, აღარ დავაყენეთ… დაგვეყნებინა და ვიღაც ჩავარდნილიყო, სიტყვაზე, 76–ს ნაცვლად 70 ხმა მიეღო, არ იქნებოდა ლამაზი. ამიტომ აღარ დავაყენეთ, ჩვენ ხომ შიგნით დავთვალეთ, რა და როგორ, რანაირად, ამიტომ ან ძალით უნდა გვეთქვა ვიღაცისთვის, რომ ხმა მიეცი, თორემ დაგსჯი, ან თავისუფალი [კენჭისყრა] უნდა ჩაგვეტარებინა. თავისუფალით ვერ მიიღო 76 ხმა რომელიმემ. ამაში განსაკუთრებული არაფერია და, მე მგონი, ამის პირიქით შემოტრიალება სწორი არ არის. იმედია, აღმოჩნდებიან ასეთი ადამიანები (და ალბათ აღმოჩნდებიან), ისინი მიიღებენ 76 ხმას”.

დღეს დავით საგანელიძე, გია ვოლსკისა და თინა ხიდაშელთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს – მაიკლ ასტრუპ იენსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ხიდაშელმა განუცხადა, მაუწყებლის ბორდის საკითხზე კითხვა სილევიჩმა და იენსენმაც დასვეს, თუმცა მათ რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ და მხოლოდ პროცესის ვადებით დაინტერესდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი