ახალი ამბები

NGO სექტორი: მოვითხოვთ ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავებას

14 ივნისი, 2018 • 1710
NGO სექტორი: მოვითხოვთ ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავებას

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ა(ა)იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი განცხადებას ავრცელებენ საქართველოში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზრდასრულ შშმ პირთათვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავებაა.

“მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უკიდურეს იზოლაციას და გარიყულობას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია,” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონვენციით დაკისრებულ აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რომლებიც სახელმწიფოს ჯერ არ გადადუდგამს, შშმ პირთა საჭიროებების შეფასებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნაა.

“არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე  პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თითქმის ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ფუნდამენტური გამოწვევები გააჩნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს  სარეაბილიტაციო სერვისები,” – წერია ორგანიზაციების წერილში.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სერვისები შშმ პირთა ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

რაც შეეხება ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობას, როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, ეს უკანაკსნელი არაერთხელ გამხდარა შშმ პირების, სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი.

“2017 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სერვისების არარსებობის მწვავე პრობლემაზე და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბაზისური უფლებებით სარგებლობის პროცესში. ომბუდსმენი განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის უფლება გულისხმობს პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინირებულ ელემენტებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ინტერვენციების ჩათვლით,” – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციების განმარტებით, შშმ პირთა რეაბილიტაცია მრავალი სფეროს გადამკვეთი მომსახურებაა და უნდა განხორციელდეს მედიცინის, განათლების, დასაქმების, სოციალური და სხვა სექტორის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით.

მათივე თქმით, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისების  განსაკუთრებული მნიშვნელობისა და  სახელმწიფოს მხრიდან გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო სერვისები გამორიცხავს ზრდასრული ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მომსახურებას.

“კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა სერვისები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელმისავდომი გარემო ყველასათვის“ მიერ   შშმ პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კვლევაში ნათლად გამოვლინდა, რომ ქვეყანაში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მხოლოდ ფრაგმენტულად მოიცავს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას,  ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე მდგარი მწვავე გამოწვევების გათვალისწინებით, რაც სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობას უკავშირდება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება მოთხოვნებს:

⦁ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მომსახურებას და გაითვალისწინებს გეოგრაფიული მისაწვდომობის კომპონენტს;

⦁ რეაბილიტაციისა და რეაბილიტაციის  მომსახურებამ მოიცვას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“- MAEE;
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC;
  • „ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“- Wolfram Syndrome Georgia ;
  • კავშირი ქალი და რეალობა-  Woman an Reality;
  • ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი- SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES;
  • „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ „-  FAD;
  • მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი