ახალი ამბები

მარნეულელი მოქალაქის ცემაში ენმ–ის წევრი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვია ბრალდებული

13 ივნისი, 2018 • 4645
მარნეულელი მოქალაქის ცემაში ენმ–ის წევრი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვია ბრალდებული

პროკურატურის ცნობით, მარნეულელი მოქალაქის ცემაში საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვია ბრალდებული.

ამავე საქმეში მოქალაქის ცემაში ბრალდებული არიან მარნეულის დეპუტატი რამინ ალახვერდიევი და მარნეულის მერის ნათესავი ე. გ.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტარს, ენმ–ის წევრ აზერ სულეიმანოვს, რამინ ალახვერდიევსა და ე.გ-ს მარნეულელი მოქალაქის ცემაში ედებათ ბრალი. ამავე საქმეზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვია დაკავებული, მას არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 10 ივნისს ე. ა. იმყოფებოდა თბილისში ზაზა სარალიძის მცხარდასაჭერ აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გამოძიების ინფორმაციით, ღამის საათებში მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ე. ა-ს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ე. ა-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მტკიცებით, ე. ა. მარნეულის საკრებულოს წევრებმა, ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. “ჟეჟებეს” რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ე. ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ე. ა. აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით.

რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილია დადგენილება სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე.

საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა – მხილების მიზნით, აცხადებს პროკურატურა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ისინი არ მოითხოვენ აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, ასევე ითვალიწინებენ, რომ მან ბრალად ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება და წინასწარი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად გირაოს შეფარდებას მოითოვენ.

ამავე თემაზე გირჩევთ

“მე რა შუაში ვარ? ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში” – სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი