აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენს ინს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. ტრამპმა მას “ყოვლისმომცველი” უწოდა, კიმმა კი აღნიშნა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილების მოწმე გახდება.
რა წერია ისტორიულ შეხვედრაზე მიღებულ შეთანხმებაში? ამერიკულმა მედიამ დოკუმენტის სრული ტექსტი უკვე გაავრცელა, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ერთობლივი განცხადება სინგაპურის სამიტზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განახორციელეს პირველი, ისტორიული სამიტი სინგაპურში, 2018 წლის 12 ივნისს.
პრეზიდენტმა ტრამპმა და ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ღრმად, ყოვლისმომცველად და გულწრფელად გაცვალეს აზრები აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი ურთიერთობების დაფუძნებასა და ხანგრძლივი, ურყევი მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას თავდაცვის გარანტიებით უზრუნველყოფს, კიმ ჩენ ინმა კი დაადასტურა ურყევი შეთანხმება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დასრულებასთან დაკავშირებით.
დარწმუნდნენ რა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ახალი ურთიერთობები ხელს შეუწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში და აღიარებენ რა, რომ საერთო ნდობა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების პროცესს, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ შემდეგზე:
- აშშ და ჩრდილოეთ კორეა აფუძნებენ ახალ ურთიერთობებს, გამომდინარე ხალხთა ნებიდან ორ ქვეყანას შორის მშვიდობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
- აშშ და ჩრდილოეთ კორეა გააერთიანებენ თავიანთ ძალებს კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის ასაშენებლად.
- ადასტურებს რა 2018 წლის 27 აპრილის დეკლარაციას, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს მუშაობას კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისთვის.
- აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ მოიძიონ ომის ტყვეები/დაკარგულები, რაც მოიცავს უკვე იდენტიფიცირებულთა რეპატრიაციას(დაბრუნებას).
ვიაზრებთ რა, რომ აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი – პირველი ისტორიაში – იყო დიდი მნიშვნელობის მქონე ეპოქალური მოვლენა ბოლო დეკადებში ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობისა და წინააღმდეგობების ფონზე ახალი მომავლის შესაქმნელად, პრეზიდენტი ტრამპი და [ჩრდილოეთ კორეის] ლიდერი კიმ ჩენ ინი შეთანხმების პირობებს სრულად და დაუყოვნებლივ აღასრულებენ. უახლოეს პერიოდში აშშ და ჩრდილოეთ კორეა განაახლებენ მოლარაპეკებებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის მაღალი ოფიციალური პირის ხელმძღვანელობით, რათა აღსრულდეს აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის შედეგები.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შიდა საქმეების კომისიის(ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ორგანო, რომელსაც კიმ ჩენ ინი განაგებს) მმართველი კიმ ჩენ ინი ითანამშრომლებენ აშშ-ჩრილოდეთ კორეის ახალი ურთიერთობებისთვის და მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავდაცვის ხელშეწყობისთვის კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში.
დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შიდა საქმეების კომისიის მმართველი
12 ივნისი, 2018
სენტოსას კუნძული
სინგაპური”