ახალი ამბები

“გადაწყდა, წარსული უკან დარჩეს” – ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული 40 წუთი

12 ივნისი, 2018 •
“გადაწყდა, წარსული უკან  დარჩეს” – ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული 40 წუთი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა დასრულებულია. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სინგაპურის ისტორიულ სამიტზე, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას ეხებოდა, ხელი მოეწერა “მრავლისმომცველ” შეთანხმებას, თუმცა მისი დეტალები უცნობია.

“ჩვენ პროცესს ძალიან, ძალიან სწრაფად დავიწყებთ. შეთანხმება, რომელსაც ხელს ვაწერთ, მეტად ყოვლისმომცველია. ვფიქრობ, ორივე მხარე მოხიბლული უნდა იყოს მისი შედეგით”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების ხელმოწერის პროცესში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის დროშების ფონზე, კიმ ჩენ ინის გვერდით, რის შემდეგაც, ტრადიციულად, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი ჟურნალისტებისკენ მიაბრუნა.

დოკუმენტის ხელმოწერას წინ არანაკლებ ისტორიული 40 წუთი უძღოდა, როცა ტრამპი და კიმი პირისპირ ხვდებოდნენ სინგაპურის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, შეხვედრა იყო “უკეთესი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა”. ოპტიმისტური განცხადებებით აშშ-ის პრეზიდენტს არც კიმი ჩამორჩენია, რომლის თქმითაც, შედგა ისტორიული შეხვედრა და”გადაწყდა, რომ წარსული უკან დარჩეს”. მისი განცხადებით, მსოფლიო დიდი ცვლილების მოწმე გახდება.

შეხვედრა, თავისი შინაარსით, მართლაც ისტორიულია როგორც ორი ლიდერისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. კორეის ორად გაყოფის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. ფაქტი მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ფხენიანმა ბირთვული განიარაღების პროცესის პრაქტიკული განხორციელება უკვე დაიწყო და რამდენიმე პოლიგონი გაანადგურა კიდეც.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწვევს თუ არა კიმს თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს.

სინგაპურის სამიტამდე მისასვლელი გზა მარტივი არ ყოფილა. თუ დღეს ორი ლიდერი ერთმანეთს ხელს ართმევდა და კამერების წინ პოზირებდა, ჯერ კიდევ 10 თვის წინ კიმ ჩენ ინი აშშ-ის ტერიტორიის დაბომბვით, დონალდ ტრამპი კი ჩრდილოეთ კორეის მიმართ “ცეცხლითა და მრისხანებით” იმუქრებოდა. თუმცა ბოლო თვეების მანძილზე მხარეებმა რიტორიკა რადიკალურად შეცვალეს: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამოცდა შეაჩერა, რის შემდეგაც ორი კორეის ლიდერები დემილიტარიზებულ ზონაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ.

მაისში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა თითქმის გადაწყვეტილი იყო, როცა ის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან ფხენიანი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივმა წვრთნებმა გააღიზიანა. თუმცა რამდენიმე დღეში მოლაპარაკებები კვლავ განახლდა და ისტორიული შეხვედრაც სინგაპურში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი