ახალი ამბები

ორი კორეის ლიდერების მეორე და მოულოდნელი შეხვედრა დემილიტარიზებულ ზონაში

26 მაისი, 2018 • 3815
ორი კორეის ლიდერების მეორე და მოულოდნელი შეხვედრა დემილიტარიზებულ ზონაში

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები ერთმანეთს მეორედ, თუმცა, ამჯერად, მოულოდნელად შეხვდნენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ისევ დემილიტარიზებულ ზონაში შედგა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

როგორც CNN სეულის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯაე ინმა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობებზე “აზრები გაცვალეს”. ოფიციალური სეულის განცხადებით, შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები ადგილობრივი დროით შაბათს, დილის საათებში გახდება ცნობილი.

ორი კორეის ლიდერები ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 27 აპრილს შეხვდნენ. მოვლენა სეულისა და ფხენიანის ურთიერთობებში ისტორიულად შეფასდა და ურთიერთობების დათბოისკენ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა: რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ბირთვული პოლიგონი გაანადგურა. პოლიგონის აფეთქების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურშია ჩანიშნული. 24 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა გაუქმდა, ვინაიდან ფხენიანის განცხადებებში “გაბრაზებული და მტრული” მიდგომები შეინიშნებოდა. თუმცა დღეს, 26 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩრდილოეთთან “შეხვედრის აღდგენასთან დაკავშირებით მეტად პროდუქტიული მოლაპარაკებები მიმდინარეობს” და თუ ასე გაგრძელდა, სინგაპურში შეხვედრა შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი