გომბორის უღელტეხილზე თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.
პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსს მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.