ახალი ამბები

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა – [ვიდეო]

8 ივნისი, 2018 • 3941
ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა – [ვიდეო]

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის მკვლელობების საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა. როგორც მან წასვლამდე განმარტა, მისთვის და “პატრიოტთა ალიანსისთვის” მიუღებელია, რომ აღნიშნულ კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თუ ახალი წევრები არიან.

გარდა ამისა, თავისივე განცხადებაში მარშანიამ დასძინა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ქვეყანაში შექმნილი “აბსურდის თეატრის” პიკია და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მას თავის მხრივ აქვს ორი “აბსურდული შეთავაზება”.

“მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას”, თქვენ აიზილეთ უკვე” ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში. თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით იმიტომ, რომ მკვლელებსა და სადისტებს აფარებთ ხელს. ამ კომისიის შექმნა არის აღნიშნულის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს…

ან ორი წინადადება გვაქვს. ორივე წინადადება აბსურდულია, ალბათ. 1. გაფართოვდეს საკითხთა წრე და ამ დანაშაულის გარდა, გამოიძიოს სხვა საქმეები. 2  პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია იმიტომ, რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს. სააკაშვილის რეჟიმის წამრომადგენლებით დაკომპლექტებული, მათ ისაუბრონ თავიანთ დანაშაულზე, ობიექტურად გამოიძიონ თავისივე ქმედებები და გამოუტანონ თავიანთ თავს განაჩენი, რაშიც ჩვენ დავეხმარებით. ამ ჩემს განცხადებაზე კომისიის პასუხი ან დღესვე, თუ მზად იქნება, ან ამ დღეებში გვსურს მივიღოთ,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით 6 ივნისს დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით უხელმძღვანელებს სერგი კაპანაძე.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი