ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიის სხდომამდე დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

7 ივნისი, 2018 • 1282
საგამოძიებო კომისიის სხდომამდე დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წინ, დღეს, 7 ივნისს, დეპუტატები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს. როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განმარტეს, დღევანდელ შეხვედრაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი უნდა განსაზღვრულიყო.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე განმარტავს, დღევანდელ შეხვედრაზე უკვე ითქვა იმ პირების გვარები, ვისთანაც კომისიას ექნება კომუნიკაცია.

“უკვე გაიჟღერა გარკვეულმა გვარებმა – სუბელიანისა და შოთაძის, ვისთანაც კომისიას ექნება კომუნიკაცია. ბუნებრივია, კომისიას შეუძლია უფრო შორს წავიდეს და სხვა პირებსაც გაესაუბროს. შეიძლება თეორიულად, ეს უფრო მაღალი თანამდებობის იყოს, ვიდრე მინისტრია. ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს,” – განმარტავს სულხან სალაძე. 

სხვა დეტალების შესახებ საუბრობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

“საჭიროა, რომ კომისიას ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე და კომისიის ნებისმიერ წევრს შეეძლოს აუცილებელი მასალების მიღება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, კერძოდ კი, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაზე. დანარჩენი დამოკიდებულია გამოძიებაზე, ” – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება არასამთავროების როლს კომისიის სამუშაოში, როგორც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს:

“მნიშვნელოვანია, კომისიას შეესწავლა სხვა დანაშაულები და საქმეები, როგორიცაა მაჩალიკაშვილის მკვლელობის ამბავი, ასევე, სხვა გახმაურებული საქმეები. მიუხედავად ამისა, კომისიის ფორმატი უფრო ვიწროდ განისაზღვრა. თუმცა, დღეს ჯერ მოვისმენთ კომისიისგან, რას გემგავენ. ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება, მივცეთ ჩვენი რეკომენდაციები და შენიშვნები,” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით 6 ივნისს დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით  უხელმძღვანელებს სერგი კაპანაძე.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი