რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ავსტრიაში ვიზიტი ქართველებმა, უკრაინელებმა, ჩეჩნებმა და სირიელებმა ვენის ცენტრში გააპროტესტეს. ისინი ჰოფბურგის სასახლესთან ეროვნული დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. სწორედ აქ იმართება შეხვედრა, ერთი მხრივ, პუტინს, მეორე მხრივ კი, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენსა და კანცლერ სებასტიან კურცს შორის.
აქციის მონაწილეების პლაკატებზე ეწერა: “პუტინ, შეჩერდი!”; “რუსეთი ოკუპანტია”; “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” და ა.შ.


ფოტო: მარიამ თაყნიაშვილი

დღეს, 5 ივნისს პუტინი ავსტრიას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვენაში ჩასვლამდე, ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფმა პუტინმა ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ “გაერთიანებული და აყვავებული ევროკავშირი” სურს.
“ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი არ არის ევროკავშირის დაშლა”, – განაცხადა მან.
ავსტრიას ამჟამად კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიების კოალიციური მთავრობა მართავს. კანცლერი სებასტიან კურცი აქამდეც აღნიშნავდა, რომ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მოხსნა ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია, თუ უკრაინის კონფლიქტის დეესკალაციის კუთხით პროგრესი იქნება.
ავსტრია ერთ-ერთია დასავლეთ ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც სკრიპალების ცნობილი ინციდენტის შემდეგ რუსეთიდან ელჩები არ გამოიწვია.







