ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში აშშ-დან დაბრუნებული იურისტი ემინ ასლანი გაიტაცეს

5 ივნისი, 2018 • 2123
აზერბაიჯანში აშშ-დან დაბრუნებული იურისტი ემინ ასლანი გაიტაცეს

იურისტი ემინ ასლანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-დან აზერბაიჯანში ორწლიანი სწავლის შემდეგ დაბრუნდა, 4 ივნისს ბაქოს ცენტრიდან გაიტაცეს.

ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, თუმცა, როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ის ბაქოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი. მაგრამ ადვოკატს არ უშვებენ მასთან შესახვედრად და არც რაიმე ინფორმაციაა ცნობილი მისთვის ბრალის წაყენების შესახებ.

“ემინ ასლანი ნაცნობთან ერთად იმყოფებოდა. სამი პირი, რომელიც სამოქალაქო ჩაცმულობაში იყო, მივიდა ემინთან. თავიდან მიესალმნენ, ჰკითხეს, ის იყო თუ არა ემინი. შემდეგ სთხოვეს თან გაჰყოლოდა, რის შემდეგაც ჩასვეს მერსედესის მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრებით 9 0 XG 017, და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ანარ მამედლი გამოცემა კავკაზსკი უზელთან ჰყვება.

ემინ ასლანმა ქვეყანა 2013 წელს დატოვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და აზერბაიჯანში მისი პოლიტიკური შევიწროების გამო, რის შემდეგაც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა. საქართველოში მას პოლიტიკური თავშესაფარიც ჰქონდა. ორი წლის წინ კი სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. აზერბაიჯანში ემინ ასლანის დაბრუნების მიზეზად კი მისი უახლოესი მეგობრები იმ გარანტიებს ასახელებენ, რომლებიც მან დაბრუნებამდე მიიღო.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი