ახალი ამბები

მწერლები და NGO-ები: ახალი პროკურორი საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა ავირჩიოთ

5 ივნისი, 2018 • 2449
მწერლები და NGO-ები: ახალი პროკურორი საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა ავირჩიოთ

მწერლების, გამომცემლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი პროკურორი საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შეარჩიონ.

მათ დღეს, 18:00 საათზე გამართეს პრესკონფერენცია, სადაც გააცნეს საზოგადოებას თავიანთი შეხედულებები. ისინი აცხადებენ, რომ მმართველ პოლიტკურ პარტიაში აღარ დარჩა ნდობის მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება სახალხო მანდატი, რომ სამართლიანობის განცდა დამკვიდრდეს მოქალაქეებში.

“სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!

სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საშიშ ფაზაში შევიდა. სამხილების აშკარა ფალსიფიკაციის და ჩინოსნების შვილებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემით, ხელისუფლებამ ხელფეხი გაუხსნა მომავალში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას.

საქმის ამგვარად წარმართვის შედეგად პროკურატურამ მკვლელობის ლიცენზია გასცა, მაღალჩინოსნის შვილებს მომავალშიც შეეძლებათ მოკლან ჩვენი დები, ძმები, შვილები. მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან ეს ჩამყაყებული სისტემა თვითშენახვის ასეთი მახინჯი პრინციპით მუშაობს. შვილმოკლული ზაზა სარალიძე ითხოვს სამართალს და მას სჭირდება უპირობო მხარდაჭერა. ამის ნაცვლად პოლიტიკური რელიქტები [ნარჩენები] მამის ტრაგედიას იყენებენ რეაბილიტაციისთვის, რითიც მთავარ იდეას ასცდნენ და მოძალადე სისტემაში რეალური ცვლილებების შანსი მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე მხრივ, ხელისუფლება ნაცვლად საქმის გამოძიებისა, ორგანიზებულად ხელს აფარებს მკვლელებს და დაღუპული მოზარდის მამის წინააღმდეგ სუს-ისა და შსს-ის ტროლების მეშვეობით უბინძურეს კამპანიას ეწევა.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კრებითი შოთაძეების გადანაცვლებით, სისტემა არ შეიცვლება. საქმის პროკურატურიდან შსს-ში გადატანა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და იმას, რომ მხოლოდ ამ გზებით სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. თუ აცნობიერებს, მაშინ ეს ნაბიჯი უკიდურესად ცინიკურ ჟესტად შეიძლება მივიღოთ.

მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ წულუკიანის მადლობას შოთაძის მიმართ, რაც მიუთითებს მის სრულ არაადეკვატურობაზე და იწვევს მის სრულ უნდობლობას. ჩვენთვის მიუღებელია, რომ მან წარადგინოს საქართველოს ახალი პროკურორი, რომლის მიმართ რეალური ცვლილებების მოლოდინია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება პროკურორი, რომელსაც ექნება სახალხო მანდატი და არ იქნება ხელისუფლების ბნელი ზრახვების აღსრულებაზე დაპროგრამებული რობოტი.

ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მოახერხებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს ხალხს და განსაკუთრებით შვილმოკლულ ოჯახებს. ხელისუფლებაში ნდობის ასეთი კაპიტალის მქონე ადამიანი აღარ დარჩა. ამიტომ ის უნდა აირჩეს გარედან, საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად.

ჩვენი უპირობო სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ ოჯახს!”

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მწერლები: ზვიად რატიანი, რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, ლაშა ბუღაძე; სამოქალაქო აქტივისტები: მიხეილ ბენიძე, ეკა გიგაური, ბაია პატარაია, გიორგი მშვენიერაძე, სულხან სალაძე და სხვები.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს გადადგა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მოთხოვნის შესაბამისად. 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ მიიჩნიეს.

გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე. ამით უკმაყოფილო ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვა. დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების დაპირისპირების შედეგად. მასთან ერთად კიდევ ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. მის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 5 ადამიანია ბრალდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი