ახალი ამბები

“შანტაჟი”, “ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში” – კალაძე მეტროს მემანქანეებზე

3 ივნისი, 2018 • 3454
“შანტაჟი”, “ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში” – კალაძე მეტროს მემანქანეებზე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მემანქანეების ხელფასის მომატება არ იგეგმება. კახა კალაძის განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი ყოველწლიურად დეფიციტურია და ეს დედაქალაქის ბიუჯეტისთვის პრობლემას წარმოადგენს.

“დღეს შეუძლებელია ხელფასების მომატებაზე საუბარი. სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 16 მლნ ლარით გადის მინუსში და ეს სერიოზული პროლემაა. მემანქანეების ხელფასი 1400-დან 1800-მდე მერყეობს. დღეს ისინი გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს შანტაჟი მე არ მეხება, ამ ენით  მემანქანეები თბილისის მოსახლეობას ელაპარაკებიან. 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება. მემანქანეები მათ ეუბნებიან, რომ ეს 1400, 1600 და 1800 ლარი ჩემთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოგვიმატეთო. ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, ვკითხოთ იმ ადამიანებს, იმ 400 ათას ადამიანს, ვინც მეტროთი გადაადგილდება, რამდენია მათი საშუალო ხელფასი. მგონია, რომ ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, რადგან ეს არის თითოეული ადამიანის ხელფასიდან გადახდილი  გადასახადი, რომელიც მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ეს მოდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი გვევალება. ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არის იმის, რომ  მათ, ვისაც 1400-დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასი,  45%-ით მოვუმატოთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროში მოქმედი ალტერნატიული პროფკავშირის, “ერთობა 2013″-ის წევრი თანამშრომლები დღეიდან, 3 ივნისიდან, გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ. როგორც მეტროს მემანქანემ მალხაზ ლაბაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასეის მომატებაა. მემანქანეები თბილისის მერის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომ მათი ხელფასი 1400-1800 ლარამდე მერყეობს, უარყოფენ და ამბობენ, რომ თვიური ანაზღაურება ამ თანხაზე ნაკლებია.

“რაც ეს პროცესი დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და არც სატრანსპორტო კომპანია არ გასცდენია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დროებით შეუჩერა გაფიცვის უფლება, რადგან საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არ აქვთ, თუმცა, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ჩვენც ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში,”-აცხადებს კახა კალაძე.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. გდაწყვეტილების მიხედვით, მათ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში ჰქონდათ, რაც მემანქანეებმა აბსურდულად მიიჩნიეს.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი