როგორ ვითანამშრომლებთ აქციის ორგანიზატორებთან, ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება – კახიძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” ზაზა სარალიძის ყველა მოთხოვნას იზიარებს და ამისთვის პარტიამ საზოგადოებას კონკრეტული მექანიზმებიც შესთავაზა:

“ევროპული საქართველო” აქ მოვედით ბატონ ზაზა სარალიძის მოწოდების შემდგომ, რომ პოლიტიკური პარტიები მივსულიყავით მასთან, მოგვესმინა და გამოგვეცხადებინა თანადგომა. ჩვენ აქციის პირველი დღიდან მოყოლებული ვართ ბატონი ზაზას გვერდით და მისი მოთხოვნები რაც არის, დამნაშავეები დასჯა, ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს და დღესაც განაგრძობს ამას. ამისთვის ჩვენ კონკრეტული მექანიზმები შევთავაზეთ საზოგადოებას, როგორიცაა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი უმრავლესობით, როგორიც არის საზოგადოებისთვის მისაღები მთავარი პროკურორის დანიშვნა, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტი პროკურორები როგოც იძიებენ საქმეს, ყველამ დავინახეთ” – თქვა კახიძემ “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ევროპული საქართველოს” წევრის თქმით, ისინი აქციებში მონაწილეობის მიღებას გააგრძელებენ, თუმცა, ეს რა ფორმით მოხდება, ამ საკითხზე კონსულტაციები უნდა გამართონ როგორც აქციის ორგანიზატორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე, საკუთრ პარტიაშიც.

“რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ამ მოთხოვნასაც დაყენების დღიდან მოყოლებული, რგორც ბატონმა ზაზამ ეს გააჟღერა, ჩვენ ვეთანხმებით. მაგრამ ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ. ჩვენ დღესაც ამ აქციაზე ვდგავართ, ხვალაც ამ აქციაზე ვიდგებით და ბატონ ზაზას თანადგომას გამოვუცხადებთ, მაგრამ ამ აქციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა აქციის ორგანიზატორებთან, ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება. ასე კარავში 5 წუთში მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ჩვენ პარტიაშიც გავმართავთ კონსულტაციებს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს და, რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორებთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს” – უთხრა ოთარ კახიძემ “TV პირველს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.