ახალი ამბები

“ბურთი და მოედანი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” – რუსეთიდან მორიგი 11 ფილმის ასლი ჩამოვა

30 მაისი, 2018 • 3186
“ბურთი და მოედანი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” –  რუსეთიდან მორიგი 11 ფილმის ასლი ჩამოვა

2018 წლის ივნისში საქართველოში ჩამოვა რუსეთის კინოფონდში დაცული 11 ქართული ფილმების პირველადი ასლები და სამუშაო პოზიტივები.

როგორც კულტურის სამინისტროს განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა და პროექტის კურატორმა ნანა დოლიძემ განგვიცხადა, ამ 11 ფილმში შედის:

  1. ალავერდობა (1962) – რეჟისორი გიორგი შენგელაია
  2. ფიროსმანი (1969) – რეჟისორი გიორგი შენგელაია
  3. ბურთი და მოედანი (1961) – რეჟისორი გუგული მგელაძე
  4. პირველი მერცხალი (1975) – რეჟისორი ნანა მჭედლიძე
  5. თეთრი ქარავანი (1963) – რეჟისორები ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა
  6. არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) – რეჟისორი ელდარ შენგელაია
  7. მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები (1978) – რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
  8. ნეილონის ნაძვის ხე (1985) –რეჟისორი რეზო ესაძე
  9. ერთი ცის ქვეშ (1961) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
  10. ერთი ნახვით შეყვარება (1975) – რეჟისორი რეზო ესაძე
  11. ვედრება (1967) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე

ქართული დელეგაცია მოსკოვში 2018 წლის ივნისის მეორე ნახევარში ჩავა და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება მასალის საქართველოში ჩამოტანა. ფილმების ჩამოტანისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ჯერ დადგენილი არაა.

ნანა დოლიძის თქმით, წლის ბოლოს, დეკემბერში კიდევ უნდა ჩამოიტანონ 11 ფილმი. დოლიძის თქმით,  კონკრეტული ფილმების შესარჩევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ფილმებს შორის შესაძლოა იყოს მიხეილ კობახიძის ერთ-ერთი ფილმი.

რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ორ ეტაპად საქართველოში უკვე ჩამოიტანეს 15 ფილმი.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის, „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდმა, „გოსფილმოფონდმა“, საქართველოს უნდა გადასცეს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმები. პირველ ეტაპზე საქართველოში 4 ქართული ფილმი – “ჰოლტზე”, ამერიკანკა”, “ბუბა” და “უკანასკნელი საათი” ჩამოვიდა.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, “გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების მასალები მის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. სამინისტრო ფილმსაცავის მშენებლობას გეგმავს, რადგან ფირების შესანახად და მათ შესანარჩუნებლად სპეციალური პირობების შექნაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი