ახალი ამბები

სირიის გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

30 მაისი, 2018 • 1520
სირიის გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ აგრძელებს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი არ ცვლის რეალობას და ამ საკითხისადმი აშშ-ის დამოკიდებულებას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

“ჩვენთვის სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან რუსეთი ასადის რეჟიმს მხარს უჭერს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვაგრძლებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”-აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერმა სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე კომენტარი რ2-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. როგორც სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი