რასისტული განცხადების გამო ამერიკულმა ABC-იმ კომედიური შოუ დახურა

ამერიკულმა სატელევიზიო ქსელმა როუზენ ბარის კომედიური შოუ დახურა მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა ტვიტერზე ობამას ყოფილ მრჩეველზე რასისტული ხუმრობა გამოაქვეყნა.

ბარმა პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ვალერი ჯარეტი ტვიტერზე მაიმუნების პლანეტისა და მუსლიმთა საძმოს შვილად მოიხსენია.

ვალერი ჯარეტი აშშ–ში ცნობილი პროკურორი, სამოქალაქო აქტივისტია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტ ობამას მრჩევლადაც მუშაობდა. ის აფრო–ამერიკელი მშობლების შვილია, რომელიც ირანში დაიბადა. მისი ამერიკელი მშობლები ისლამურ რევოლუციამდე ირანში ცხოვრობდნენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ.

ტელეკომპანია ABC-იმ განაცხადა, რომ არ იზიარებს ტელეწამყვანის მოსაზრებას, რაც არის შეურაცხმყოფელი და ასევე შეუსაბამო ტელეარხის ღირებულებებისთვის. სწორედ ამ მიზეზით დახურეს ბარის იუმორისტული შოუ.

როუზენ ბარმა ბოდიში მოუხადა ვალერი ჯარეტსა და ყველა ამერიკელს. მან თქვა, რომ ეს იყო “ხუმრობა”, თუმცა საზოგადოებრივი მღელვარება ამით არ ჩამცხრალა.

როუზენ ბარის შოუ არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერი ხუმრობებისა და პრეზიდენტ ობამას გადამეტებული კრიტიკის გამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.