ახალი ამბები

მოქალაქეობის მისაღებად ემიგრანტებმა საქართველოში 5–ის ნაცვლად 10 წელი უნდა იცხოვრონ – კანონპროექტი

29 მაისი, 2018 • 2009
მოქალაქეობის მისაღებად ემიგრანტებმა საქართველოში 5–ის ნაცვლად 10 წელი უნდა იცხოვრონ – კანონპროექტი

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობისა და ნებართვის მიღების წესს ართულებს.

პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ მიგრანტს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს, საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს.

ხოლო იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეზეა დაქორწინებული, მოქალაქეობას მიღების უფლება ექნება მას შემდეგ, რაც 5 წელი იცხოვრებს საქართველოში. მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობას ვერ მიიღებს ადამიანი, რომელიც იძებნება სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ან თუ ეს პირი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. თუ მას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

კანონპროექტში, განსხვავებით მოქმედი რედაქციისგან, დაზუსტდა ის საგამონაკლისო წესი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება:

  • როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისი წინაპარი საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირია;
  • პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძლებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში;
  • რომელმაც ისეთი ინვესტიცია განახორციელა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოში.
საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი