ახალი ამბები

პარიზში გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს Pokemon Go-ს თამაშობდა – CNN

29 მაისი, 2018 • 5199
პარიზში გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს Pokemon Go-ს თამაშობდა – CNN

ბავშვის მამა, რომელიც პარიზში არალეგალურად მყოფმა მიგრანტმა აივნიდან გადმოვარდნას გადაარჩინა, ინციდენტის დროს სმარტფონით Pokemon Go-ს თამაშობდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამერიკული მედიასაშუალება ამბობს, რომ ბავშვი მამას ჰყავდა მიბარებული, რომელმაც 4 წლის შვილი მარტო დატოვა, მაღაზიაში წავიდა, შინისკენ გზად კი Pokemon Go-ს თამაშობდა. გამოცემა წერს, რომ ბავშვის მამას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება მშობლისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობისთვის.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოში ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი მეოთხე სართულის აივნიდან გადმოკიდებული. Le Figaro-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, აივანზე იყო ჩაკეტილი და სახლში ამ დროს არავინ იმყოფებოდა.

მამადუ გასამას კი, რომელმაც მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ელისეის სასახლეში გასამა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ქვეყნის პრეზიდენტმა პირადად გადაუხადა მადლობა, სიმამაცისთვის მედალი გადასცა და მეხანძრედ დასაქმებას დაჰპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი