საპატრიარქოს ბოიკოტის მიუხედავად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა რუსთავი 2-ს კომენტარი მისცა.
“საპატრიარქოს განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ვარ სინოდის წევრი და არა ადმინისტრაციის. როგორც სინოდის წევრი გეუბნებით, როცა სინოდის სხდომა შეიკრიბება, ალბათ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურად მიგვაჩნია”, – უთხრა მიტროპოლიტმა გრიგოლმა რ2-ს.
“ჩვენ გლოცავთ თითოეულ ადამიანს, ამისთვის ვართ. თითოეულ ადამიანს გლოცავთ, რომ სიკეთის სამსახურში იყოთ. ამაზე უკეთესი რა გითხრათ?”, – ამბობს მიტროპოლიტი რ2-თან საუბარში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მიმდინარე კვირაში გავრცელებული განცხადებით სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.
საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ბოიკოტს პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი, სანდრო ბრეგაძე და ზუგდიდის მერი შეუერთდნენ.
საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.
საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:
“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.
საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ რ2-თან დაკავშირებით კომენტარი დღეს გააკეთა. იგი ამ საკითხს დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას გამოეხმაურა.
“მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, _ ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას შორის, რუსთავი 2-ს შორის. მე მინდა მინდა გითხრათ, რომ არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის”, – განაცხადა ილია მეორემ.
ამავე თემაზე გირჩევთ
გიორგი გაბუნია იესო ქრისტესთან მიმართებაში მის დამოკიდებულებას განმარტავს [ვიდეო]