ახალი ამბებიკომენტარი

გიორგი გაბუნია იესო ქრისტესთან მიმართებაში მის დამოკიდებულებას განმარტავს [ვიდეო]

27 მაისი, 2018 • 6797
გიორგი გაბუნია იესო ქრისტესთან მიმართებაში მის დამოკიდებულებას განმარტავს [ვიდეო]

რ2-ის წამყვანი გიორგი გაბუნია რელიგიასთან და იესო ქრისტესთან მიმართებაში საკუთარ დამოკიდებულებას განმარტავს.

“იესო ქრისტე ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მაქვს უფლება მქონდეს მასთან ჩემებური ურთიერთობა. ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე. მე მას ახლობლად აღვიქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩემი ხუმრობა არ სწყინს. ის ზედმეტად დიდი იმისთვის, რომ ჩემი ხუმრობით რამე დააკლდეს”, – ამბობს გიორგი გაბუნია რ2-ის გადაცემა P.S.-ში.

სრულად მის განმარტებას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცმეულ ვიდეოში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მიმდინარე კვირაში გავრცელებული განცხადებით სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ რ2-თან დაკავშირებით კომენტარი დღეს გააკეთა. იგი ამ საკითხს დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას გამოეხმაურა.

“მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, _ ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას შორის, რუსთავი 2-ს შორის. მე მინდა მინდა გითხრათ, რომ არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენს შორის”, – განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი