ნეტგაზეთი | ქევხიშვილი – ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატმა აღმასკომისგან დადებითი განწყობა დაიმსახურა ქევხიშვილი – ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატმა აღმასკომისგან დადებითი განწყობა დაიმსახურა – Netgazeti
Batumelebi | RU

ქევხიშვილი – ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატმა აღმასკომისგან დადებითი განწყობა დაიმსახურა

დღეს, 28 მაისს, ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატმა, ჰოლანდიელმა ლუის ვაიდენბოშმა აღმასკომის სხდომაზე თავისი ხედვები და პროგრამა წარადგინა. ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის თქმით, მან აღმასკომის წევრებისგან დადებითი განწყობა დაიმსახურა.

ძიუდოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა არ სურდა აღმასკომის წევრს და პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შოთა ხაბარელს, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ხაბარელმა განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს და მეგობრებთან ერთად დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება.

დავით ქევხიშვილი კი ამბობს, რომ აღმასკომის წევრებისგან აქვს ნებართვა, რომ უახლოეს პერიოდში დანიშნონ ახალი მთავარი მწვრთნელი და ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს. მისი თქმით, სპორტსმენთა ლიდერების პროტესტის პარალელურად, ადეკვატურია ნაკრებში ახალი მწვრთნელის დანიშვნა. ქევხიშვილი ამბობს, რომ ფედერაციას თავისი საქმე აქვს, რასაც ბოლომდე გააკეთებს:

“რა თქმა უნდა, ნაკრები იქნება. მანიპულირება ყველა სპორტსმენის სახელით არ შეიძლება, აქციის მონაწილეთა მხრიდან. რა თქმა უნდა, დღევანდელ ნაკრებში არიან სპორტსმენები, რომლებსაც დარჩენა სურთ და უახლოეს პერიოდში დაინახავთ ამას.

მათი არჩევანია აქციების გამართვა. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, თუკი ისინი პრობლემას ხედავენ.”

ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა:

“ნუ უყურებთ საკითხს სიმრავლით, შევხედოთ სიმართლით და იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. თუკი ეს ადამიანებს არ სურთ და არ უნდათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მოთხოვნაზე უნდა წავიდე. მე მათ არ ავურჩევივარ და, შესაბამისად, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. ეს იყო გადასაწყვეტი ყრილობის და აღმასკომის. შესაბამისად, რეკომენდაციები სამინისტროდან, რაც ყველამ ცალსახად ვნახეთ, რომ მათ პოზიციას არ იზიარებენ. ბუნებრივია, ეს ასეც არის და იქნება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე მოგვარდება,” – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

დავით ქევხიშვილის განცხადებით, თუ საპროტესტო აქციაზე 1-2 ახალგაზრდა ძიუდოისტი დგას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდული ნაკრები მასთან დაპირისპირებულ სპორტსმენებთან ერთადაა. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდული ნაკრები სრულად იმყოფება შეკრებაზე, ვარჯიშობს და თავის შესაძლებლობებს ძალიან მალე დაანახებს მთელ ქვეყანას.

“მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რა თქმა უნდა, იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ძალიან მალე მიაღწევენ შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე:

აქციაზე მყოფების არჩევანი არის მათი, ვის უნდა სპორტის გაგრძელება და ვის არა. ასე რომ, ფედერაციის კარი არავისთვის არის დაკეტილი, მიუხედავად ძალიან ბევრი არასწორი და აგრესიული ქმედებისა. დიალოგზე სულ მზად ვარ არა საჯაროდ, არამედ კომპეტენტურ და კონკრეტული ადამიანების გარშემო, თუკი ისინი პრობლემას ხედავენ. არაერთხელ შევთავაზეთ სხვადასხვა ვარიანტი, რაც მათთვის მიუღებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიალოგი მათ არ აინტერესებთ.”

ქევხიშვილის განცხადებით, საქართველოში კარგი თეორიული ცოდნის მქონე მწვრთნელების დეფიციტია, როგორც სხვა სფეროებში, რის გამოც შეირჩა ჰოლანდიელი სპეციალისტი.

“სამწუხაროდ, ელემენტარული უნივერსიტეტი არ არსებობდა დიდი ხანი და ახლაც ჯერ არ გამოუშვია ის კადრი, რომელიც შეძლებს მთავარ მწვრთნელობას. პრაქტიკულ ნაწილში ამ და ნებისმიერი უცხოელი მწვრთნელის ყველა დამხმარე იქნება ქართველი, რამეთუ პრაქტიკულ ნაწილში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს.

მისი დანიშვნა მთავარ მწვრთნელად გადაწყდა გასაუბრების შემდეგ. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ნაკრებებთან მუშაობის კუთხით, ხოლო ინდივიდუალური მწვრთნელობის კუთხით, ის გახლდათ ერთ-ერთ წარმატებული კლუბის მწვრთნელი, სადაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები გაიზარდნენ. აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, რაც ასე გვჭირდება დღეს ქართულ ძიუდოში. ასევე, აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ფსიქოლოგიური მიმართლების კუთხით. ვფიქრობ, მას ის კომპონენტები აქვს, რომელიც სრულად გვაკმაყოფილებს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი სიმპათია მასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და წარვუდგინე აღმასკომს,” – განაცხადა აღმასკომის სხდომის შემდეგ დავით ქევხიშვილმა.

დავით ქევხიშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი

ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას მაისის დასაწყისიდან ითხოვენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ცუდ მართვაში ადანაშაულებენ და უნდობლობას უცხადებენ.

ძიუდოისტებმა რამდენიმე აქცია აქამდეც გამართეს იმავე მოთხოვნით. გაიმართა ძიუდოს ფედერაციის ყრილობაც, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

დავით ქევხიშვილის მომხრეები კი ამბობენ, რომ მისი მმართველობის დროს პრობლემების ნაწილი მოგვარდა, ფედერაციას გადაეცა შენობა, ასევე მოგვარდა რეგიონებში მწვრთნელების დანიშვნის საკითხი.

27 მაისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ძიუდოისტებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ფედერაციაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან ან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.