ახალი ამბები

10 დღის წინ გახსნილ ბატონის ციხეში კანალიზაციის მილი დაზიანდა

28 მაისი, 2018 • 2889
10 დღის წინ გახსნილ ბატონის ციხეში კანალიზაციის მილი დაზიანდა

10 დღის წინ გახსნილ თელავის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში კანალიზაციის მილი დაზიანდა, რის გამოც 6 ფერწერული ტილო დაზიანდა.

როგორც მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, კანალიზაციის მილი სავარაუდოდ ჩაიღუნა, რის გამოც დაგროვდა წყალი და გადაბმის ადგილებიდან გამოვიდა. დაზიანების გამო წყალი საცავში ჩავიდა, სადაც მეოცე სუკუნის შუა წლებში შექმნილი ფერწერული ტილოები დასველდა. ურჩუხიშვილის თქმით, ნახატები გაშრა და წყლის კვალი აღარ ეტყობა.

მუზეუმის დირექტორის თქმით, დაზიანების შემდეგ გამოიძახეს კომპანია “ჯავას” წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა გახდა დაზიანების მიზეზი.

თელავის ისტროულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის განახლება რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. მუზეუმის განახლებაში 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ეთნოგრაფიული მუზეუმი ერეკლე მეორის სასახლის ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია, როგორც მუზეუმის, ასევე, ბატონის სასახლის მხარეს.
მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე მოეწყო დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა, რომელშიც მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფერწერული ნამუშევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი