ბერლინში ნაციონალისტების მარშს 5000 ადამიანი ესწრებოდა, ანტიფაშისტურ კონტრაქციას 4-ჯერ მეტი

გუშინ, 27 მაისს, ბერლინში, ულტრანაციონალისტური ოპოზიციური პარტიის (AFD) მხარდამჭერების მსვლელობაზე 5 000 ადამიანი დაესწრო, ხოლო ანტიფაშისტურ კონტრაქციას 20 000 მონაწილე ჰყავდა. Reuters-სა და და DW-ს ინფორმაციით, ორ განსხვავბულ მსვლელობას შორის პოლიციის კორდონები იდგა. კვირას ბერლინში 2 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

ულტრანაციონალისტური პარტიის მხარდამჭერები გუშინ ანტიმიგრაციული იდეების ირგვლივ გაერთიანდნენ. ისინი ასევე აპროტესტებდნენ გერმანიის წევრობას ევროკავშირში. გარდა ამისა, ისინი პროტესტს უცხადებდნენ ანგელა მერკელის პოლიტიკასაც, რომელიც მათი თქმით, ემიგრანტების მიმართ ზედმეტად ლოიალურია.

 

თანასწორობა და სიძულვილისადმი წინააღმდეგობა იყო მთავარი მოწოდება ანტიფაშისტური კონტრაქციისa, რომელზეც 20 000 ადამიანი გამოვიდა . მათი თქმით, AFD რასიზმსა და ქსენოფობიას აღვივებს.

ულტრამემარჯვეენეების მსვლელობებს ანტიფაშისტებმა 13 ადგილას გამართული კონტრაქციით უპასუხეს. კონტრაქციას გამართეს ბერლინის ღამის კლუბებმაც. მათ აქციებს თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკა. გუშინ, 27 მაისს კლუბ ბასიანის მიერ ორგანიზებული რეივ-აქცია სწორედ ბერლინის მოვლენების ერთ-ერთი გამოძახილია.

 

გარდა კლუბებისა, AFD-ს მსვლელობას ქვიარები და მემარცხენე ძალები აპროტესტებდნენ. მათი ნაწილი სწორედ იქ შეიკრიბა, სადაც ულტრამემარჯვენეების მსვლელობა უნდა გამართულიყო.

კვირის აქციები ბერლინში უმეტესწილად მშვიდობიანი იყო და დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან