ახალი ამბები

კობახიძე: უნდა შევიმუშაოთ კანონმდებლობა დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე

27 მაისი, 2018 • 1345
კობახიძე: უნდა შევიმუშაოთ კანონმდებლობა დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც დააკონკრეტებს, როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას.

“საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციის ის ჩანაწერი გაუქმდა, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის ეს ნორმა პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. შესაბამისად, შეზღუდვა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეს შეეძლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამჟამად წარიმართება მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომლითაც დაკონკრეტდება სათანადოდ ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი“,- განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნული ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი ცდილობს ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ საქართველოს დიასპორის ინტერესები სათანადოდ დაცული იყოს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ დიასპორას ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და სახალხო დიპლომატიის წარმატებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი