ახალი ამბები

40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს – შსს

27 მაისი, 2018 • 1829
40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს ადამიანი, რომელსაც ყაჩაღურად 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნივთების გატაცება ედება ბრალად.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 29 დეკემბერს  ბრალდებული რ.გ. თანამზრახველთან ერთად ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი,  ყაჩაღურად თავს დაესხა წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში 64 წლის ნ.მ-ს საცხოვრებელ სახლს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ქალს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რ.გ. ბათუმში დააკავეს, ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.  ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი