ახალი ამბები

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა – MFA

26 მაისი, 2018 • 2176
აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა – MFA

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მაისს აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

უწყების ცნობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა, დევიდ პერდიუმ, ბენ კარდინმა და ჯონი იზაკსონმა წარადგინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

“აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს. რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების,  პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით. […] აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხო მომავალს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის კონგრესი გმობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და ხაზს უსვამს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების ნეგატიურ შედეგებს. სენატი გმობს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი